ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ყოველწლიური „გლობალური დაჯილდოების კონკურსზე“ განაცხადების მიღება დაიწყო
20 იანვარი 2025 წ.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) გლობალური დაჯილდოების კონკურსი 2025 გამოაცხადა. WIPO-ს ყოველწლიური „გლობალური დაჯილდოების კონკურსის“ მიზანია იმ მნიშვნელოვანი სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესებისა თუ უნივერსიტეტების გამოვლენა და წარმოჩენა, რომლებიც ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებით აღწევენ წარმატებას ეკონომიკური განვითარების კუთხით, ასევე სოციალური გავლენის მოპოვების მიმართულებით.
კონკურსში მონაწილეობა უფასოა და ღიაა მცირე თუ საშუალო საწარმოებისა და ნებისმიერი დარგის მეწარმისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განაცხადის შეტანის შესაძლებლობა აქვთ ყველა სფეროს (ტექნოლოგია, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, დიზაინი და სხვ.) წარმომადგენლებს, რომლებიც შედეგების გასაუმჯობესებლად იყენებენ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ მიმართულებას, იქნება ეს საავტორო უფლებები, სასაქონლო ნიშნები, პატენტები თუ გეოგრაფიული აღნიშვნები.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსება შესაძლებელია არაბულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე 2025 წლის 15 იანვრიდან 31 მარტამდე.
2025 წლის გამარჯვებულებს დაახლოებით 100-ზე მეტი ქვეყნიდან შეარჩევს დამოუკიდებელი საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაში არიან მაღალი კომპეტენციის, მიღწევებისა და გამოცდილების მქონე პირები. თითოეული გამარჯვებული მიიღებს მიწვევას ჟენევაში WIPO-ს მსოფლიო დაჯილდოების ცერემონიასა და სხვა ღონისძიებებზე დასასწრებად, ასევე, პერსონალიზებული მენტორობის პროგრამას, ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციის შესაძლებლობასა და დამატებით ფინანსურ რესურსებზე წვდომას ბიზნესის განვითარებისა და პარტნიორობის ხელმისაწვდომობის გასაადვილებლად. წლევანდელ კონკურსზე ახალი ნომინაციით გამოვლინდება „საუკეთესო ქალი მეწარმე“ და „საუკეთესო ახალგაზრდა მეწარმე“. აღნიშნული კონკურსი საერთაშორისო აღიარების მოპოვებისა და პოპულარობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, ფიზიკურ პირებს, გამომგონებლებს, ავტორებსა და მეწარმეებს.
გლობალური დაჯილდოების კონკურსი პირველად 2022 წელს ჩატარდა და მას შემდეგ, სულ რაღაც 2 წლის განმავლობაში, WIPO-ს მსოფლიო დაჯილდოების პროგრამა ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსი გახდა, რომლის დანიშნულებაა ხელი შეუწყოს ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებასა და კომერციალიზაციას მცირე ბიზნესის მდგრადი განვითარების მიზნით.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.wipo.int/en/web/awards/global/how-to-apply


