საქპატენტმა მონაწილეობა მიიღო WIPO-ს სიმპოზიუმში „ქალები და ინტელექტუალური საკუთრება“
06 მაისი 2025 წ.
შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სათავო ოფისში გაიმართა სიმპოზიუმი „ქალები და ინტელექტუალური საკუთრება“, რომელზეც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტს“ ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი სალომე ციმაკურიძე წარმოადგენდა.
ღონისძიება გახსნეს WIPO-ს გენერალურმა დირექტორმა დარენ ტანგმა და გენერალური დირექტორის მოადგილემ ლიზა იორგენსონმა. სიმპოზიუმზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა: ქალთა ლიდერობისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, მენტორობის პროგრამების მნიშვნელობა, ინოვაციური მიდგომები ახალგაზრდა მეწარმე ქალების მხარდასაჭერად, ასევე, მონაცემთა ანალიზისა და პოლიტიკის განვითარების როლი ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების სფეროში ქალების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინიციატივებისა და შეფასების სტრატეგიებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქალ გამომგონებელთა მხარდაჭერას. ხაზი გაესვა, აგრეთვე, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის აუცილებლობას, რათა შეიქმნას ქალებისთვის მეტად ხელშემწყობი ინტელექტუალური საკუთრების გლობალური ეკოსისტემა.
საქპატენტის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა სალომე ციმაკურიძემ სიმპოზიუმის მონაწილეებს გააცნო ორგანიზაციის ხედვა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ქალთა გაძლიერებისა და ჩართულობის შესახებ შიდა ინსტიტუციური პოლიტიკის დონეზე. ყურადღება გამახვილდა საქპატენტის პრაქტიკაზე გენდერული მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მიმართულებით. წარდგენილ იქნა ქალთა დასაქმების სტატისტიკა, მათ შორის, მენეჯერულ თანამდებობებზე დასაქმების მაჩვენებლები და აღინიშნა, რომ საქპატენტში არსებული 23 მენეჯერული პოზიციიდან 14 ქალებს უკავიათ, რაც ორგანიზაციაში გენდერული თანასწორობის თვალსაჩინო მაგალითია.
სიმპოზიუმი წარმოადგენს WIPO-ს ინიციატივას ინტელექტუალური საკუთრებისა და გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ასახავს ორგანიზაციის სტრატეგიულ ვალდებულებას იმუშაოს ინტელექტუალური საკუთრების უწყებებთან და მთავრობებთან ინტელექტუალურ საკუთრებასა და ინოვაციებში ქალების მონაწილეობის ხელშეწყობისა და გაზრდის მიზნით.


