საქპატენტმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა
20 მაისი 2025 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა მერი მაჭარაშვილმა ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადში მაღალი დონის საერთაშორისო სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ორგანიზებული იყო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის, ინდოეთის პატენტების, დიზაინებისა და სასაქონლო ნიშნების გენერალური კონტროლიორის ოფისისა (CGPDTM) და რაჯივ განდის სახელობის ინტელექტუალური საკუთრების მართვის ეროვნული ინსტიტუტის (RGNIIPM) მიერ.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული ინდოეთის საპატენტო სისტემა, სამართლებრივი და ინსტიტუციური მოწყობა, აგრეთვე, პროცესები, რომლებიც დაკავშირებულია გამოგონების პატენტუნარიანობის კრიტერიუმების შეფასებასა და პატენტის გაცემის ეტაპებთან. მონაწილეებმა დეტალურად შეისწავლეს პატენტუნარიანობის ძირითადი კრიტერიუმები – სიახლე, საგამომგონებლო დონე და სამრეწველო გამოყენებადობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, ასევე, საპატენტო განაცხადების განხილვის სამართლებრივ პროცედურებსა და განაცხადის მიმდინარეობის ეტაპებს ძიების ანგარიშის შედგენიდან საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ცალკე სესიები მიეძღვნა საერთაშორისო საპატენტო თანამშრომლობის მექანიზმებს, მათ შორის, საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულებას (PCT), აგრეთვე, საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაციის სისტემებსა და მათ როლს ეფექტიანი ძიებისა და ექსპერტიზის პროცესში.
პროგრამის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის სასწავლო აკადემიის მრჩეველმა ვიქტორ ოვადემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა WIPO-ს ხედვაზე ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ეფექტიანი ეკოსისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიმართულებით. თავის გამოსვლაში მერი მაჭარაშვილმა პროგრამის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საპატენტო სისტემის მუშაობისა და ექსპერტიზის პროცესში გამოყენებული საძიებო ტექნიკის შესახებ.
სასწავლო პროგრამა დაეხმარება სხვადასხვა ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებულ საპატენტო ექსპერტებსა და დარგის სპეციალისტებს ტექნიკური უნარების გაუმჯობესებაში და უახლესი ონლაინ საპატენტო საძიებო სისტემის გამოყენების მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში. თანამედროვე ტექნიკების გამოყენებით ექსპერტები შეიძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას საპატენტო განაცხადების გაანალიზება-შეფასების კუთხით.
სასწავლო სესიებს უძღვებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ინდოეთის პატენტების, დიზაინებისა და სასაქონლო ნიშნების გენერალური კონტროლიორის ოფისის პრაქტიკოსი თანამშრომლები. პროგრამაში მონაწილეობდნენ როგორც ინდოელი ექსპერტები, ისე სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, მონღოლეთიდან, ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკიდან, ეგვიპტიდან, საუდის არაბეთიდან, მაროკოდან, ნიგერიიდან, ბანგლადეშიდან, უგანდიდან და ტრინიდადი და ტობაგოდან.



