საქპატენტი ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალის მხარდამჭერია
03 ივნისი 2025 წ.
საქპატენტმა ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს მესამედ ჩატარდა სლოგანით - „ ბოლნისი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი“. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხის 60-ზე მეტი მეღვინეობა, მათ შორის მსხვილი მწარმოებლებისა და მცირე თუ საშუალო მარნების, საოჯახო მეღვინეობების ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები. ფესტივალის მიზანია ადგილწარმოშობის დასახელებით ნიშანდებული ღვინოების პოპულარიზაცია, ამ სტატუსის მქონე ღვინოების უპირატესობის წარმოჩენა და მათ შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს სტუმრობდნენ ღვინის იმპორტიორები, ღვინის ექსპერტები, ბლოგერები და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები იტალიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. ფესტივალის წარმდგენი გახლდათ „არემჯი“. ფესტივალის მხარდამჭერებს შორის საქპატენტთან ერთად იყვნენ მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ბოლნისის აგროცენტრი.
ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, სადაც მან ისაუბრა ფესტივალის მნიშვნელობაზე, რომელიც ხელშემწყობი ფაქტორია მათთვის, ვინც ამ უნიკალური მახასიათებლების მქონე ღვინოს აწარმოებს, უქმნის მათ შესაძლებლობას დაიმკვიდრონ კუთვნილი ადგილი საქართველოს ბაზარზე და მოიპოვონ საგზური ქართული უნიკალური პროდუქტის ფართო ასპარეზზე, საერთაშორისო ბაზარზე გასატანად.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსი. კონკურსზე წარმოდგენილი ღვინოები შეაფასა საერთაშორისო გამოცდილების მქონე ღვინის ექსპერტებითა და სომელიეებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ. გამარჯვებულების ვინაობა უშუალოდ ფესტივალის მთავარ ღონისძიებაზე გამოვლინდა. საზეიმოდ დასახელდა ოქროს მედლის მფლობელი ღვინოები. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულებიდან ოქროს მფლობელ 11 ღვინოს დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი იტალიაში მერანოს ღვინის ფესტივალზე წარადგენს.
ფესტივალზე გაიმართა ღვინის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია, ასევე სხვადასხვა მეწარმეების მიერ შეთავაზებული სამრეწველო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იყო, ასევე, მრავალფეროვანი კვების ობიექტები და საბავშვო სივრცე. შემეცნებით აქტივობებს შორის გამოიკვეთა პროფესიული მასტერკლასების ნაწილი, რომელიც გახსნა საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსმა დარეჯან მჭედლიძემ პრეზენტაციით ადგილწარმოშობის დასახელებების სარეგისტრაციო პროცედურებისა და ამ ობიექტის დაცვის მექანიზმების შესახებ. ფესტივალის მონაწილეებს ასევე დაურიგდათ საქპატენტში დაბეჭდილი ჟურნალები საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ადგიწარმოშობის დასახელებების ღვინოების სპეციფიკაციები და რუკები. ფესტივალი მუსიკალურად გააფორმეს სხვადასხვა მუსიკალურმა ჯგუფებმა, მათ შორის იყვნენ ანსამბლი „ალიონი“, ტრიო „სამანი“, ტრიო „რუსთავი“.