ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საავტორო უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
20 ივნისი 2025 წ.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“
ავტორობით მომზადებულ საქართველოს კანონის პროექტს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.
აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს ინტერნეტმეკობრეობის წინააღმდეგ ეფექტიანი
ბრძოლის გაძლიერებას და შემოქმედებითი ინდუსტრიის დაცვას უარყოფითი ეკონომიკური ზემოქმედებისგან.
კანონპროექტის თანახმად, საავტორო უფლებების მფლობელებს, მომიჯნავე უფლებების
მფლობელებსა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლებს უფლება აქვთ შუალედური მომსახურების
მიმწოდებლისაგან, წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, მოითხოვონ იმ კონტრაფაქციული
ასლების დაუყოვნებლივი წაშლა ან მათზე წვდომის შეზღუდვა, რომლებიც არღვევს მათ უფლებებს.
შესაბამისად, უფლების მფლობელის მიერ სასამართლოსთვის მიმართვამდე შეიზღუდება წვდომა
სავარაუდო კონტრაფაქციულ ასლებზე. შედეგად, აღნიშნული რეგულირება შეამცირებს ქონებრივ
და არაქონებრივ ზიანს, რაც შესაძლოა მიადგეთ საავტორო უფლებების და მომიჯნავე უფლებების
მფლობელებს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლებს.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული ცვლილებები ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული
თანამედროვე სტანდარტებისა და მიდგომების ქართულ კანონმდებლობაში
დანერგვისათვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
გამომდინარე იქიდან, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების სათანადო დონეზე
დაცვა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ავტორთა შემოქმედებითი საქმიანობის სტიმულირების,
ხელშეწყობისა და, ზოგადად, სახელმწიფოს კულტურული და ეკონომიკური განვითარების საქმეში,
საქპატენტისთვის პრიორიტეტულია ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც განვითარდება
შემოქმედებითობა და ინოვაცია. მნიშვნელოვანია, ასევე, დაბალანსებული იყოს, ერთი მხრივ,
იმ პირთა ინტერესები, რომლებიც ქმნიან ახალ ნაწარმოებებს და, მეორე მხრივ, საჯარო ინტერესი,
რათა მაღალი იყოს ამ ნაწარმოებებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობა.
ცვლილებების ამოქმედება კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოში ინტელექტუალური
საკუთრების დაცვის მექანიზმებს და ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი შემოქმედებითი
ინდუსტრიების გაძლიერებას, ისე საერთაშორისო პარტნიორობისთვის შესაბამისი სამართლებრივი
გარემოს ჩამოყალიბებას.



