საქპატენტმა საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთობლივი კომისიის მეორე სხდომაში მიიღო მონაწილეობა
08 ივლისი 2025 წ.
ქალაქ პეკინში, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთობლივი კომისიის მე-2 სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომაში მონაწილეობდა საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი დარეჯან მჭედლიძე.
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ჩინეთის მხრიდან კი კომერციის სამინისტროს ვიცე-მინისტრი იან დონგი. სხდომას ესწრებოდნენ, ასევე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობების, სამინისტროებისა და სხვადასხვა უწყების მაღალი თანამდებობის პირები.
სხდომის ფარგლებში, დარეჯან მჭედლიძე დამსწრე საზოგადოების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა და დეტალურად ისაუბრა სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი უახლესი ცვლილებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის ახალი სისტემის შესახებ.
კომისიის მე-2 სხდომა, ძირითადად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების და ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს შეეხო. ამ კუთხით საინტერესო იყო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაუმჯობესების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კომისიის ანგარიში, რომელიც ჩინეთის კომერციის სამინისტროს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა ჰან იონგიმ წარადგინა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის მიღწევებზე და ხაზი გაუსვეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით მიღწეულ პროგრესს. მათ, ასევე, ისაუბრეს საქართველოს SPS (სანიტარული და ფიტო სანიტარული ზომების) მართვის სისტემებზე და ინსტიტუციურ მოწყობაზე, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის განახლებულ პროცედურებზე, აგრეთვე, საბაჟო პროცედურებსა და ვაჭრობის ფასილიტაციაზე.
აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის გააქტიურება ხელს უწყობს როგორც ორ ქვეყანას შორის, ისე რეგიონში ურთიერთობების გაღრმავებას, რაც, თავისთავად, უზრუნველყოფს ეროვნული ეკონომიკის განვითარებას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია საქპატენტსა და ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გასული წლის სექტემბერში გაფორმებული გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სფეროში თანამშრომლობის განზრახულობის აქტი, რომელიც ითვალისწინებს მხარეთა მიერ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემების ურთიერთგაცნობის ხელშეწყობას, ასევე, საერთო ინტერესების გათვალისწინებით, გამოცდილებისა და მიმართულების განვითარებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების გაზიარებას.


