საქპატენტში, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ჩართულობით, Universal Music Group-სა და IPOA-ს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა
17 ივლისი 2025 წ.
საქართველოს
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სათავო ოფისში საქპატენტს, ინტელექტუალური
საკუთრების მფლობელთა ასოციაციას (IPOA), საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს
წარმომადგენლებსა და ხმის ჩამწერი კომპანიის Universal Music Group-ის ვიცე-პრეზიდენტ
რობერტ ბარუხს შორის შეხვედრა გაიმართა.
აღსანიშნავია,
რომ Universal Music Group მსოფლიოს მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი ხმის
ჩამწერი კომპანიაა, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს
ნიდერლანდების სამეფოში, კერძოდ, ქალაქ ჰილვერსუმში. კომპანია წლების მანძილზე თანამშრომლობს
მსოფლიოს უმეტეს ქვეყანასთან, მათ შორის, საქართველოსთან. „ინტელექტუალური საკუთრების
მფლობელთა ასოციაცია“ (IPOA) კი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი
ერთადერთი აკრედიტებული ორგანიზაციაა საქართველოში. შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე
უფლებების დაცვის კუთხით, ამ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე
მხარეებმა განიხილეს Universal Music Group-სა და საქართველოში 2024 წლამდე მოქმედი
ქონებრივი უფლებების მმართველ ორგანიზაცია „საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციას“
(GCA) შორის არსებული გამოწვევები. საქპატენტისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს
მხარდაჭერით, მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო სამოქმედო გეგმაზე, მათ შორის, საჭირო
დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გაცვლაზე. ამავდროულად, რობერტ ბარუხმა გამოხატა მზადყოფნა
დახმარება გაუწიოს IPOA-ს საერთაშორისო ფოტოგრაფიული ინდუსტრიის ფედერაციასთან
(IFPI) კომუნიკაციაში. თავის მხრივ, ქართულმა ორგანიზაციამ წარმოადგინა წინადადებები
და ორმხრივი ნაბიჯები წარსულში მოქმედი ორგანიზაციის მუშაობის შედეგად წარმოშობილი
გამოწვევების საპასუხოდ და მომავალში სამართლიანობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის
დასამყარებლად.
შეხვედრის
მიმდინარეობისას საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ თიკა ნებიერიძემ სტუმრებს საქპატენტის
საქმიანობა და უკანასკნელ წლებში განხორციელებული რეფორმები გააცნო, მათ შორის, „საავტორო
და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული მნიშვნელოვანი
ცვლილები, რის საფუძველზეც ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს შესაბამისი დირექტივების
გათვალისწინებით, თვისობრივად გადაიხედა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად
დარეგულირდა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის საკითხები. თავის მხრივ,
რობერტ ბარუხმა წარმოადგინა ინფორმაცია Universal Music Group-ის საქმიანობის
შესახებ და მადლობა გადაუხადა საქპატენტს შეხვედრის ორგანიზებისათვის.
მნიშვნელოვანია,
რომ მოლაპარაკებებს წინ უძღოდა, მიმდინარე წლის აპრილში საქპატენტის თავმჯდომარის სოსო
გიორგაძის შეხვედრა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი
ელჩის მოადგილესთან მორის პაულუსენთან, სადაც სოსო გიორგაძემ აღნიშნა, რომ საქპატენტი,
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მაქსიმალურად შეუწყობდა ხელს ინტელექტუალური საკუთრების
სფეროში მოქმედი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების კანონიერი ინტერესების
სათანადოდ დაცვას.

