საქპატენტმა გეოგრაფიული აღნიშვნა – „რაჭული ლორი“ დაარეგისტრირა
01 აგვისტო 2025 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განაცხადის საფუძველზე, „რაჭული ლორი“ გეოგრაფიულ აღნიშვნად დარეგისტრირდა.
რაჭული ლორი ენდემური ჯიშის ან ადგილობრივი, ტყეში ნაკვები ღორის ხორცისგან ტრადიციული მეთოდით დამზადებული – დამარილებული და შებოლილი მშრალი პროდუქტია. მის სპეციფიკაციას განსაზღვრავს კონკრეტული გეოგრაფიული არეალი, კლიმატური პირობები და პროდუქტის წარმოების ტრადიციული მეთოდები. რაჭულ ლორს აქვს ერთგვაროვანი შეფერილობა, ხასიათდება მკვრივი კონსისტენციით, შეიძლება იყოს მაგარი ან საშუალო სიმაგრის, რაც დამოკიდებულია კუნთოვანი მასის სიდიდესა და გამოშრობაზე.
რაჭული ლორის წარმოების არეალი მოიცავს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს. (რაჭული ლორის დეტალური სპეციფიკაცია იხ. საქპატენტის ვებგვერდზე:https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/
საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაცია საქპატენტის უფლებამოსილებას წარმოადგენს. გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას კონკრეტული პროდუქტის წარმომავლობასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებზე, რომლებიც დაკავშირებულია მის წარმოშობის ადგილთან, იქ არსებულ გარემო პირობებთან და ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებულ წარმოების ტრადიციულ ცოდნასთან, რაც, საბოლოო ჯამში, განაპირობებს თითოეული ასეთი პროდუქტის გამორჩეულობასა და უნიკალურობას. ამიტომ, აღნიშნული სტატუსი მხოლოდ განსაკუთრებულ ქართულ პროდუქტებს ენიჭება.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 42 ადგილწარმოშობის დასახელება და 32 გეოგრაფიული აღნიშვნა. გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭება უზრუნველყოფს პროდუქტების დაცვასა და კონკურენტუნარიანობას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე, რაც ქმნის მყარ საფუძველს სოფლის მეურნეობისა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.