2025 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის (GII) რეიტინგში საქართველო კვლავ დაწინაურდა
17 სექტემბერი 2025 წ.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) გამოაქვეყნა 2025 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის რეიტინგი, სადაც საქართველო კვლავ დაწინაურდა, 56-ე ადგილი დაიკავა და შარშანდელი მაჩვენებელი ერთი პოზიციით გააუმჯობესა. გლობალური ინოვაციების ინდექსი (GII) მსოფლიო ეკონომიკის ინოვაციური შესაძლებლობებისა და შედეგების რეიტინგია. ინდექსი მსოფლიო ეკონომიკებს მათი ინოვაციური შესაძლებლობების მიხედვით აფასებს. მნიშვნელოვანია, რომ გლობალური ინოვაციების ინდექსი აქამდე მოიცავდა 133 ქვეყნის ეკონომიკას, თუმცა წელს ეს რიცხვი 139-მდე გაიზარდა.
გლობალური ინოვაციების ინდექსი (GII) ეფუძნება ინოვაციურობის ყოვლისმომცველ ანალიზს ორი ქვე-ინდექსის მიხედვით: პირველი – ინოვაციური დანახარჯები (Innovation Input Sub-Index), რომელიც ქვეყანაში ინოვაციების მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციების მოცულობას გულისხმობს და მეორე – ინოვაციური პროდუქტები (Innovation Output Sub-Index), რომელიც მოიცავს ინოვაციის ტრანსლაციას გენერირებული ცოდნიდან კონკრეტულ შედეგამდე.
ანალიზი ეყრდნობა ისეთ კრიტერიუმებს, რომელიც აერთიანებს ინსტიტუტებს, ადამიანურ კაპიტალს და კვლევებს, ინფრასტრუქტურას, კრედიტებს, ინვესტიციებს, კავშირებს, ცოდნის შექმნასა და გავრცელებას, ასევე შემოქმედებით შედეგებს. თითოეული ქვე-ინდექსი აგებულია ძირითადი კომპონენტების მიხედვით და შეფასება ეყრდნობა 80-მდე ინდიკატორს 8 თემატური კატეგორიის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მონაცემები 2025 წელს გაუმჯობესდა ორივე ქვე-ინდექსის შემთხვევაში. განსაკუთრებით პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა შემდეგი მიმართულებებით: ინსტიტუციები - 28-ე ადგილი (2024-32-ე ადგილი); ცოდნაზე და ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროდუქტები - 66-ე ადგილი (2024-72-ე ადგილი); ბაზრის დახვეწა - 59-ე ადგილი (2024-64-ე ადგილი); ინფრასტრუქტურა - 73-ე ადგილი (2024-74-ე ადგილი); კრეატიული შედეგები - 76-ე ადგილი (2024-77-ე ადგილი).
წლევანდელი რეიტინგის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ საშუალო შემოსავლის ჯგუფის ეკონომიკის მქონე 36 ქვეყანას შორის საქართველო მე-9 ადგილზეა.
გლობალური ინოვაციების ინდექსის შესაბამისად, 2025 წლის საქართველოს შედეგები ცხადყოფს ქვეყნის მნიშნელოვან პროგრესს ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: ბიზნესგარემო, ადამიანური კაპიტალი, შემოქმედებითი პროდუქტები, ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა.



