საქპატენტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) დელეგაცია ეწვია
26 სექტემბერი 2025 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრის - „საქპატენტის“ სათავო ოფისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) დელეგაცია ესტუმრა.
დელეგაციის წევრებსა და საქპატენტის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ კანონების, რეგულაციების, რეგისტრაციის პროცესში ჩართული უწყებების, ექსპერტიზის პოლიტიკისა და პროცედურების, ასევე, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის პოლიტიკისა და სისტემების შესახებ ინფორმაციის გაზიარების აუცილებლობაზე.
შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ: საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილეები, სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ააიპ „ორიჯინ საქართველოსა“ და იმერული ღვინის ასოციაციის დირექტორები, ხოლო ჩინეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ CNIPA-ს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე, ამავე დეპარტამენტის გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ოფიციალური სიმბოლოების დაცვის სამმართველოს დირექტორი და მეორე რანგის კონსულტანტი, ასევე, CNIPA-ს საპატენტო უწყების პატენტების ექსპერტიზისა და მართვის დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს დირექტორის მოადგილე.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებისთვის მოეწყო კულტურულ-შემეცნებითი ექსკურსია „შატო მუხრანში“, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების სხვადასხვა მასტერკლასი.
დელეგაციის ვიზიტს წინ უსწრებდა ორ უწყებას შორის შედეგზე ორიენტირებული ურთიერთთანამშრომლობის პრაქტიკა. მხარეებს შორის პირველად 2023 წლის 31 ივლისს მოეწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რაც ითვალისწინებდა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ორ უწყებას შორის როგორც კვალიფიკაციის გაცვლას, ისე სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხზე თანამშრომლობას. მოგვიანებით, ერთი წლის თავზე – 2024 წლის 12 სექტემბერს, ქ. პეკინში უწყებებს შორის გაფორმდა ე.წ განზრახულობის აქტი, რომელშიც მხარეებმა გამოხატეს მზაობა გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემების ურთიერთგაგების ხელშეწყობაზე, განვითარებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების გაზიარებაზე და ორივე მხარისთვის საერთო ინტერესის სფეროებში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის პრაქტიკის გაზიარებაზე, მათ შორის, კონკრეტული მაგალითების შესწავლასა და წარმოშობის კვლევაზე.
ორი ქვეყნის უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მანძილზე განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის დელეგაციის პირველი ვიზიტი საქართველოში, რომელიც გასული წლის 14 ოქტომბერს შედგა. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, მოადგილეებთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) ხელმძღვანელს, დოქტორ შენ ჩანგუისა და CNIPA-ს სხვა მაღალი თანამდებობის პირებს უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის გააქტიურება ხელს უწყობს როგორც ორ ქვეყანას შორის, ისე რეგიონში ურთიერთობების გაღრმავებას, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ეროვნული ეკონომიკის განვითარებას

