პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, ანაზღაურებად სტაჟირებას 3 კურსდამთავრებული საქპატენტში გაივლის
02 ოქტომბერი 2025 წ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით,
სახელმწიფო უწყებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა ამოქმედდა.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საქპატენტმა კონკურსი 1 სექტემბერს გამოაცხადა. საკონკურსო
ეტაპების გავლის შედეგად, უწყებაში სტაჟირებას 3 კურსდამთავრებული გაივლის.
საქპატენტის
სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული
აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტში პრაქტიკულ ცოდნასა და სამუშაო გამოცდილებას
მიიღებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის
2024-2025 სასწავლო წლის კურსდამთავრებული მაკო სიდამონიძე, რომელიც სტაჟირებას გაივლის სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის
მიმართულებით.
საქპატენტში სტაჟირებას გაივლის, ასევე,
ნოდარ დუმბაძე, რომელმაც წელს აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების
სადოქტორო პროგრამა დაასრულა. საქპატენტში მისი საქმიანობა მოიცავს წინასწარი საპატენტო
ძიების ჩატარების სპეციფიკას, ტექნიკის დონის ანალიზს, პატენტუნარიანობის წინასწარ
შეფასებასა და საპატენტო განაცხადებზე საქმისწარმოებაში მონაწილეობას. ნოდარ დუმბაძე
საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის ქიმია-მედიცინისა და ბიოლოგიის
სამმართველოს სტაჟიორია.
საქპატენტში სტაჟირების პროგრამის მესამე
მონაწილე, გიორგი მჟავანაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის
ბაკალავრიატის 2024-2025 სასწავლო წლის კურსდამთავრებულია. გიორგი ადმინისტრაციული
დეპარტამენტის სერვისების განვითარებისა და მოქალაქეთა მომსახურების სამმართველოში
გაივლის სტაჟირებას, სადაც გაეცნობა საქპატენტის მომსახურების სფეროში დანერგილი სერვისების
თავისებურებებს.
საქპატენტში სტაჟირების პროგრამა 3
თვეს გაგრძელდება და მიმდინარე წლის 31 დეკემბერს დასრულდება. პროგრამის მონაწილეებს,
რომლებიც სტაჟირების პერიოდში გამოავლენენ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების
უნარებს, ექნებათ საქპატენტში დასაქმების პერსპექტივა.


