უნიკალური შანსი Game დეველოპერებისთვის – საერთაშორისო კონკურსი Next Great IP Game Jam იწყება
09 ოქტომბერი 2025 წ.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) და Global Game Jam-მა (GGJ) ერთობლივი საერთაშორისო ინიციატივა – Next Great IP Game Jam დააანონსეს.
კონკურსი გაიმართება ვირტუალურ ფორმატში, მიმდინარე წლის 9–27 ოქტომბერს. მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ 15-დან 35 წლამდე ასაკის ვიდეოთამაშების პროგრამისტებს. ინიციატივის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობის გააზრებასა და მის პრაქტიკულ გამოყენებას შემოქმედებით საქმიანობაში.
Jam-ის მონაწილეები იმუშავებენ ისეთი ვიდეოთამაშების შექმნაზე, რომელთაც ექნებათ ფრენჩაიზის პოტენციალი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პერსონაჟების განვითარებას, ბრენდინგსა და ე.წ. მერჩენდაიზინგის შესაძლებლობებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სპეციალური სასწავლო სესიები და მენტორული შეხვედრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ექსპერტებთან, სადაც მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება საავტორო უფლებების, სასაქონლო ნიშნების, პატენტების, დიზაინისა და სავაჭრო საიდუმლოებების გამოყენებით დაიცვან საკუთარი ნამუშევრები.
თითოეული რეგიონის საუკეთესო თამაში 2025 წლის ნოემბერში გამოვლინდება. ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები გამარჯვებულებს პირადად გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, მათ შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი ნამუშევრები საერთაშორისო დონეზე წარმოაჩინონ და გააფართოონ პროფესიული ქსელები.
ინიციატივა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ გაიაზრონ ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობა, არამედ შეიძინონ პრაქტიკული ცოდნა და უნარები, რომლებიც მათ იდეებს რეალურ ბიზნეს შესაძლებლობებად გარდაქმნის.
დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:https://globalgamejam.org/wipo


