საქპატენტი გურჯაანის ღვინის ფესტივალის მხარდამჭერია
13 ოქტომბერი 2025 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის
- „საქპატენტის“ მხარდაჭერით, გურჯაანის ღვინის ფესტივალი ჩატარდა. კახეთის გულში გამართული
დღესასწაული საუკუნეების სიღრმიდან წამოსული ღვინის დაგემოვნების გაცოცხლებული ტრადიციაა,
რომელიც 9 წლიან ისტორიას ითვლის. ახტალას პარკში 546 მეღვინე და მეწარმე გაერთიანდა
და ერთ სივრცეში სხვადასხვა გემოსა თუ ფერის, ახლად დადუღებულ თუ წლებით დავარგებულ
ღვინოს მოუყარა თავი.
ფესტივალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე,
მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად ესტუმრა. მთავრობის მეთაურს საქპატენტის
თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ ფესტივალზე წარმოდგენილი საქპატენტის საექსპოზიციო კუთხე
დაათვალიერებინა და ესაუბრა ადგილწარმოშობისა და გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართულებით
საქპატენტში განხორციელებულ ღონისძიებებზე, მიმდინარე პროცესებსა და ამ კუთხით დანერგილ
სიახლეებზე.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი ემსახურება უნიკალური და
ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის
განვითარების ხელშეწყობას, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაციას,
ღვინის ტურიზმის ხელშეწყობასა და ქართული კულტურისა თუ ტრადიციების გაცნობას.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა,
როგორც ღონისძიების მხარდამჭერმა ორგანიზაციამ, აქტიური მონაწილეობა მიიღო ფესტივალის
განხორციელების პროცესში. ღონისძიების ფარგლებში ზეიმზე მოეწყო საქპატენტის კუთხე,
სადაც წარმოდგენილი იყო საექსპოზიციო სტენდი შესაბამისი ბანერითა და გეოგრაფიული აღნიშვნების
ამსახველი მასალებით. საქპატენტისთვის განკუთვნილი სივრცის სტუმრებს დაურიგდათ საინფორმაციო
ბუკლეტები, დაინტერესებულ პირებს საქპატენტის წარმომადგენლებმა გაუწიეს კონსულტაცია
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ, ამასთანავე, მიიღეს
მონაწილეობა ფესტივალზე გამართულ სხვადასხვა აქტივობაში.
ფესტივალში უწყების აქტიური ჩართულობა ხელს შეუწყობს
რეგისტრირებული უნიკალური ქართული პროდუქტების დაცვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას,
პოპულარიზაციას, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების მიმართ
ინტერესის გაღვივებას, მათი მნიშვნელობის თაობაზე საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას,
ასევე, ამ მიმართულებით საქპატენტის საქმიანობის წარმოჩენასა და საზოგადოებაში უწყების
შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ
და დაეგემოვნებინათ, როგორც გლეხების მიერ ქვევრში დაყენებული, დიდი და მცირე მარნების
მიერ წარმოებული სხავდასხვა ტიპის ღვინო, ასევე, IWSC wine judging in Georgia-ს გამარჯვებული
ღვინოები. ფესტივალისზე შექმნილი იყო კულინარიული სივრცე, სადაც სხვადასხვა ტიპის,
ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებთან ერთად წარმოდგენილი იყო ავთენტური
კერძები, რომლებიც ფესტივალზე მოწვეულმა შეფ-მზარეულებმა ადგილზევე მოამზადეს. ფესტივალზე
მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის
დაწურვის პროცესში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. ახტალის პარკში,
ასევე, გაიმართა სომელიეების შოუ, მოეწყო ქართული ბაზარი - ხილისა და ბოსტნეულის, კახური
ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
წელს ფესტივალის შთაგონების წყარო მრავალხმიანი ქართული
ღვინო გახლდათ, სასმელი, რომელმაც საუკუნეების გზა გამოიარა, მოერგო სხვადასხვა ეპოქის
ჰანგებს, მაგრამ არასდროს დაკარგა თავისი პირველქმნილი ხასიათი – ის, რამაც საქართველო
ღვინის სამშობლოდ აქცია. როგორც ქართულ პოლიფონიაში სხვადასხვა ხმა ჰარმონიულად ერწყმის
ერთმანეთს და ქმნის ერთიან, განუმეორებელ ჟღერადობას, ასევე ნამდვილი ღვინო არის გემოების,
არომატებისა და შეგრძნებების პოლიფონია. გურჯაანის ღვინის ფესტივალი სწორედ ამ უწყვეტი
ისტორიის გაგრძელებაა – ადგილი, სადაც ქართული ტრადიცია ყოველწლიურად ცოცხლდება.
საქპატენტთან ერთად გურჯაანის ღვინის ფესტივალის
2025-ის მხარდამჭერები არიან სოფლის მეურნეობისა და მდგრადი განვითარების სააგენტო,
ღვინის ეროვნული სააგენტო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ფესტივალის პარტნიორები: IWSC და ჯეპრა, მასპინძელი
კი ტრადიციულად გურჯაანის მერია გახლდათ. ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს
ბანკი, ოფიციალური სპონსორი კი - მეღვინეობა თელიანი ველი. ფესტივალის სხვა სპონსორები: m², ბოლერო, გურჯაანის
ნაყინი, ბორჯომი და ბაკურიანი, ხოლო ფესტივალის მედიაპარტნიორები - ბიზნესპარტნიორი,
commersant.ge, ბიზნესპოსტი, Ipress.ge, newsday.ge, cbw.ge, ანტერპრენერი,
travelnews.ge და რადიო უცნობი.