საქპატენტმა WIPO-ს სასწავლო ტრენინგში მიიღო მონაწილეობა
16 ოქტომბერი 2025 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თანამშრომლებმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სასწავლო ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა. ონლაინ ტრენინგი WIPO-ს ბრენდებისა და დიზაინის სექტორის სასაქონლო ნიშნების, სამრეწველო დიზაინისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის ორგანიზებით, უშუალოდ საქპატენტის თანამშრომლებისთვის ჩატარდა.
ტრენინგის თემა იყო eLisbon IT პლატფორმის გამოყენება და სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც დაკავშირებულია ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციასთან. სესიის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ლისაბონის სისტემის პროცედურები, მათ შორის, ჟენევის აქტის განხორციელების წესები. პრეზენტაციამ მოიცვა eLisbon პლატფორმის ისეთი ძირითადი მახასიათებლები, როგორებიცაა განაცხადის შევსების პროცესი და რეგისტრაციის მართვის შესაძლებლობები (მოდიფიკაცია, გაუქმება, გაცემა, დაცვის უარყოფა და სხვ.)
ლისაბონის სისტემა არის ის საერთაშორისო სამართლებრივი და ადმინისტრაციული მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო რეგისტრაციასა და დაცვას.
აღსანიშნავია, რომ საქართველო მიმდინარე წლის გაზაფხულზე შეუერთდა „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტს“. აქტის რატიფიცირებას წინ უძღოდა საქპატენტის მიერ განხორციელებული მასშტაბური რეფორმა, რომელმაც მნიშვნელოვნად განამტკიცა სამართლებრივი მექანიზმები და გააუმჯობესა რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.
ჟენევის აქტთან შეერთების შედეგად საგრძნობლად გაფართოვდა უნიკალური ქართული პროდუქტების დაცვის გეოგრაფიული არეალი, რომელიც მოიცავს 61 ქვეყანას. აღნიშნულ აქტთან მიერთება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი უნიკალური პროდუქტების არა მხოლოდ უფრო ფართო საერთაშორისო დაცვას, არამედ მათ კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე.