საქპატენტის მხარდაჭერით თელავში ტრადიციული ჭაჭის ფესტივალი გაიმართა
27 ოქტომბერი 2025 წ.


ჭაჭა საუკუნეების განმავლობაში ქართული ღვინის კულტურის განუყოფელი ნაწილია
და, როგორც გამორჩეული თვისებებისა და მახასიათებლების მატარებელი პროდუქტი, გეოგრაფიულ
აღნიშვნად საქპატენტშია რეგისტრირებული. თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე გამართული
ჭაჭის ფესტივალი ამ ქართული ტრადიციული სასმლის უნიკალურობის შენარჩუნებისა და წარმოჩენის
საუკეთესო შესაძლებლობაა. ჭაჭის ყოველწლიური ზეიმი გამოავლენს სხვადასხვა კუთხის ჭაჭის
საუკეთესო ნიმუშებს, მათ სასარგებლო და განსაკუთრებულ საგემოვნო თვისებებს, რაც ხელს
უწყობს ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების, ფერმერების, გლეხების საქმიანობის წახალისებასა
და მათ მიერ დამზადებული პროდუქტის პოპულარიზაციას.
საქპატენტმა ფესტივალზე წარმოადგინა საექსპოზიციო სტენდი, სადაც განთავსდა
საქართველოში რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების
შესახებ საინფორმაციო და ვიზუალური მასალა. დაინტერესებულ პირებს ჩაუტარდათ კონსულტაციები
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის მექანიზმების შესახებ.
ფესტივალის მონაწილეებთან და სტუმრებთან გამართული საინფორმაციო ხასიათის საუბრები
ხელს შეუწყობს ამ ობიექტების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას
და დაცული პროდუქტების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას, ასევე, ამ მიმართულებით საქპატენტის
საქმიანობის წარმოჩენასა და საზოგადოებაში უწყების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
ფესტივალის გახსნაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქპატენტის თავმჯდომარის
მოადგილემ თიკა ნებიერიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა საქპატენტის აქტიურ ჩართულობას ამ
მნიშვნელოვანი ფესტივალის მოწყობაში. მან აღნიშნა, რომ ფესტივალი საუკეთესოდ წარმოაჩენს
გეოგრაფიული აღნიშვნებითა და ადგილწარმოშობის დასახელებებით ნიშანდებულ ქართულ პროდუქტებს,
რაც ხელს უწყობს ქვეყნის რეგიონულ განვითარებას, აგრარულ ტურიზმს, უნიკალური ქართული
პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და საერთაშორისო ბაზარზე კუთვნილი ადგილის
დამკვიდრებას.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენები, სადაც მონაწილეობდნენ
კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. ქართული ტრადიციებითა თუ წეს-ჩვეულებებით
დაინტერესებული ტურისტები ეცნობოდნენ ეთნოგრაფიული დეტალებით მორთულ დეკორატიულ-გამოყენებითი
ხელოვნების ნიმუშებს. ფესტივალის სტუმრები ჩართულები იყვნენ ტრადიციული ყურძნის ჭაჭის
გამოხდის პროცესში. გაიმართა დიდი კახური ე.წ. ზაოდობა. ამასთან ერთად, ადგილზევე მომზადდა
კახური სამზარეულოს კერძები. ფესტივალს ამშვენებდა კახური მრავალჟამიერი და ფოლკლორული
ჯგუფების მიერ შესრულებული სხვა მრავალხმიანი სიმღერები, თუ კაფიები. საგანგებოდ შერჩეულმა
ჟიურიმ გამოავლინა როგორც კახეთის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული ფერმერებისა და გლეხების
მიერ გამოხდილი საუკეთესო ჭაჭის ნიმუშები, ასევე, - ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების
მიერ გამოხდილი საუკეთესო ჭაჭა და გამარჯვებული მეწარმეები. ფესტივალის დასასრულს გაიმართა
საზეიმო კონცერტი.
ღონისძიება განხორციელდა საქართველოს კულტურის პალატისა და ა(ა)იპ - ტურიზმის
განვითარების ასოციაციის ორგანიზებით. საქპატენტთან ერთად ღონისძიების მხარდამჭერები
იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კახეთის მხარეში
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და თელავის მუნიციპალიტეტის მერია, ასევე, ღვინის
ეროვნული სააგენტო.