პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
12 ნოემბერი 2025 წ.
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ ავტორობით მომზადებულ საქართველოს კანონის პროექტს - „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დიზაინის სამართლებრივი დაცვის მექანიზმების სრულყოფასა და ევროკავშირის კანონდებლობასთან სრულ დაახლოებას.
ცვლილებების მიხედვით მოწესრიგდება დიზაინის გასაჯაროებასთან, დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებთან, მის ხელახალ ექსპერტიზასთან, ასევე საქპატენტის მეშვეობით საერთაშორისო განაცხადის წარდგენასთან, დიზაინერის სახელის უფლებასთან, დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობასთან, დიზაინის შეცვლილი ფორმით რეგისტრაციის შენარჩუნების შესაძლებლობასა და დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის უკუძალასთან დაკავშირებული საკითხები.
ახალი კანონი ამარტივებს პროცესებს და უზრუნველყოფს დიზაინის რეგისტრაციის, ექსპერტიზისა და დაცვის ერთიანი, გამჭვირვალე სისტემის ფუნქციონირებას. კერძოდ: ინერგება ხელახალი ექსპერტიზის მექანიზმი, რაც წარმოადგენს ხანგრძლივი სასამართლო პროცედურების ალტერნატივას და შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირებს, დიზაინის ბათილად ცნობის საკითხები განხილულ იქნეს სწრაფად საქპატენტში. ასევე, ფართოვდება საქპატენტის სააპელაციო პალატის უფლებამოსილებები, რაც ზრდის ადმინისტრაციული დავების ეფექტიანობას; კონკრეტულად განისაზღვრება რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები, რაც უზრუნველყოფს სამართლებრივ სიცხადესა და კანონმდებლობის თანხვედრას ევროკავშირის სტანდარტებთან.
ასევე, ახალი კანონი დაინტერესებულს პირებს სთავაზობს ახალ სერვისს - წინასწარი ძიების მომსახურებას, რაც მათ საშუალებას მისცემს მიმართონ საქპატენტს და მოითხოვონ ინფორმაცია იმის თაობაზე არის თუ არა კონკრეტული დიზაინის იდენტური დიზაინი დაცული საქართველოში.
კანონპროექტი შემუშავდა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებისა (EUIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ ერთობლივი პროექტის - EUGIPP-ის ფარგლებში.
დიზაინის დაცვა წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციებს, სამართლიან კონკურენციას და ეკონომიკურ განვითარებას. ციფრულ ეპოქაში, სადაც პროდუქტის ვიზუალური იდენტობა მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობაა, აუცილებელია ეფექტიანი სამართლებრივი ჩარჩოს არსებობა, რომელიც დაიცავს დიზაინერების შემოქმედებით შრომას.
დიზაინის, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტის დაცვის სისტემის განვითარება მიზნად ისახავს შემოქმედებითი რესურსების სრულფასოვან გამოყენებასა და მათი ეკონომიკურ პოტენციალად გარდაქმნას. ამ სფეროს ინსტიტუციური და სამართლებრივი სრულყოფა არა მხოლოდ განამტკიცებს შემოქმედებით ინდუსტრიებს, არამედ ქმნის ხელსაყრელ გარემოს ინვესტიციების მოზიდვისა და ინოვაციური საქმიანობის წასახალისებლად. შესაბამისად, განხორციელებული ცვლილებები განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეკოსისტემის განვითარების პროცესში - ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სამართლებრივი ჩარჩოს თანხვედრას ევროკავშირის თანამედროვე სტანდარტებთან და ხელს უწყობს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ჩამოყალიბებასა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ზრდას.