სოსო გიორგაძემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს საქპატენტის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
15 ნოემბერი 2025 წ.


საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქპატენტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
საქპატენტის ხელმძღვანელმა კომიტეტის წევრებს უწყების გასული და მიმდინარე წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
სოსო გიორგაძემ სხდომაზე ამომწურავად ისაუბრა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე, მიღწეულ შედეგებზე და უწყების სამომავლო პრიორიტეტებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქპატენტის ჩართულობაზე, მათ შორის, იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივ ჩარჩოსა და პრაქტიკის ევროკავშირის სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოებას.
სოსო გიორგაძემ, ევროინტეგრაციის კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქპატენტი აქტიურად მუშაობს იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომლებიც განსაზღვრულია ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივებით, რაც მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, ასევე, დაცვისა და აღსრულების მექანიზმების გაძლიერებას.
მოხსენებისას საქპატენტის თავმჯდომარემ დეტალურად მიმოიხილა კანონის აღსრულების სფეროში 2023-2025 წლებში უწყების მიერ გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები. კერძოდ, საქპატენტის ავტორობით ცვლილება შევიდა არაერთ კანონში, მათ შორისაა: საქართველოს საპატენტო კანონი, საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, საქართველოს კანონი „დიზაინის შესახებ“ და საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა საქპატენტის ავტორობით მიიღო სრულიად ახალი ორი კანონი: საქართველოს კანონი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“ და კანონი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“.
როგორც სოსო გიორგაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია საქპატენტის მხრიდან ევროკავშირის ინსტიტუტებთან მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის, ევროპის საპატენტო ორგანიზაციასთან (EPO), ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებასთან (EUIPO) და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO), რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის ინტეგრაციას ევროპულ სივრცეში და ზრდის ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას.
სოსო გიორგაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო WIPO-თან აქტიური თანამშრომლობითა და მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი – საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU), საქპატენტსა და WIPO-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოში განხორციელდა და რეგიონში ანალოგი არ აქვს.
სოსო გიორგაძემ მოხსენებისას ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობაში შეიქმნება თანამედროვე ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც განთავსდება საქპატენტის სწავლებისა და გადამზადების ცენტრი. მისი თქმით, აღნიშნული ცენტრი გააერთიანებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცოდნის გავრცელებასთან დაკავშირებულ ყველა მიმართულებას და აღიჭურვება თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებით.
საქპატენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს პარლამენტს საქპატენტში განხორციელებული რეფორმების სამართლებრივი მხარდაჭერისთვის და იქვე ხაზი გაუსვა „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ მიღებული ახალი კანონის მნიშვნელობას, რითაც საფუძველი ჩაეყარა პროფესიულ განვითარებაზე, სანდოობაზე, სიახლეების დანერგვასა და ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა უფლებების უკეთ დაცვაზე ორიენტირებულ ახალ, თანამედროვე ინსტიტუტს.