გამოგონებების საერთაშორისო დაცვის სისტემის შესახებ WIPO-სა და საქპატენტის ერთობლივი ვებინარი გაიმართა
20 ნოემბერი 2025 წ.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თანამშრომლობით, გაიმართა ეროვნული ვებინარი: „საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების (PCT) სისტემის მიმოხილვა: ეროვნული ვებინარი საქართველოს განმცხადებლებისთვის“.
ვებინარი მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ. მან აღნიშნა, რომ თანამედროვე ეკონომიკურ გარემოში ინტელექტუალური საკუთრება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმს ინოვაციების დაცვის, ტექნოლოგიების კომერციალიზაციისა და გლობალურ ბაზრებზე მათი გატანის კუთხით. თავმჯდომარის შეფასებით, ინტელექტუალური საკუთრების მძლავრი სისტემა ქმნის გარემოს, სადაც შემოქმედები, გამომგონებლები და სტარტაპები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი ინტელექტუალური შრომა და იდეები სათანადოდ დაფასდება და იქნება დაცული. სოსო გიორგაძემ WIPO-ს წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და ვებინარში მონაწილე პირებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
მან აღნიშნა რომ ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლებისთვის მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების სწორად დაცვა, რაც ხელს შეუწყობს მათი გამოგონების საერთაშორისო ტექნოლოგიურ წარმატებას.
ვებინარის მიზანია ქართველი გამომგონებლების, განმცხადებლებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის PCT სისტემის გაცნობა, რომელიც ავტორებს აძლევს საშუალებას ერთი საერთაშორისო განაცხადის საშუალებით მოითხოვონ გამოგონების დაცვა რამდენიმე სახელმწიფოში. სისტემა მნიშვნელოვნად ამარტივებს საერთაშორისო საპატენტო განაცხადის წარდგენის პროცესს, ამცირებს ადმინისტრაციულ ბარიერებს, უზრუნველყოფს ხარჯების გადავადებასა და ზრდის პროცედურულ ეფექტიანობას.
ვებინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართა WIPO-ს გარდამავალი და განვითარებული ქვეყნების (TDC) სამმართველოს დირექტორმა ჰაბიპ ასანმა. ვებინარს მოდერატორის რანგში უძღვებოდა WIPO-ს ცენტრალური ევროპის, ბალტიის სახელმწიფოებისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების განყოფილების პროგრამის უფროსი ოფიცერი ემილ ჰასანოვი. საქპატენტის მხრიდან გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა მერი მაჭარაშვილმა ისაუბრა საქპატენტის როლზე PCT სისტემის ფარგლებში. ვებინარზე მოხსენებით წარდგნენ, ასევე, WIPO-ს ექსპერტები: ოლგა კრისანოვა, ემა ფრენსისი და ჯიაო მო.
ვებინარზე განხილული იყო PCT სისტემის სხვადასხვა ასპექტი, მათ შორის, საერთაშორისო განაცხადების საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულებით (PCT) განსაზღვრული ეროვნული და საერთაშორისო განხილვის ფაზები; განაცხადის განხილვაში მიმღები უწყებისა და საერთაშორისო ბიუროს როლი, WIPO-ს სტანდარტი ST.26 და WIPO-ს Sequence Suite-ის გამოყენება. ვებინარზე მონაწილეებს გააცნეს ელექტრონული პლატფორმის – ePCT-ის ფუნქციონალები და შესაძლებლობები, რომელიც გამოიყენება განაცხადების ელექტრონულად წარდგენისა და მართვისთვის.
ღონისძიება კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კონკრეტული კითხვები და მიეღოთ რეკომენდაციები. ვებინარს დაესწრო 100-მდე მონაწილე, მათ შორის, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენლები, გამომგონებლები და სტუდენტები.
მნიშვნელოვანია, რომ WIPO სისტემატურად ატარებს ვებინარებს PCT სისტემის შესახებ. მსგავსი ტიპისა და ფორმატის ვებინარები განკუთვნილია არა მხოლოდ ინტელექტუალური საკუთრების უწყებების თანამშრომლებისა და გამომგონებლებისთვის, არამედ სტარტაპებისთვის, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (SMEs), უნივერსიტეტებისთვის, სტუდენტებისთვის, მკვლევრებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივა ემყარება მრავალწლიანი საერთაშორისო თანამშრომლობის ჩარჩოს, რასაც თავად საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება (PCT) წარმოადგენს. ის მიღებულია 1970 წელს და აერთიანებს 158 წევრ ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს, რომელიც PCT სისტემას 1991 წელს შეუერთდა.