საქპატენტმა და „oriGIn - საქართველომ“ მონაწილეობა მიიღეს ევროპისა და ცენტრალური აზიის გეოგრაფიული აღნიშვნების მე-5 რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაში
24 ნოემბერი 2025 წ.

რეგიონში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემების მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ევროპისა და ცენტრალური აზიის გეოგრაფიული აღნიშვნების (GI) რიგით მე-5 რეგიონული საკონსულტაციო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსმა დარეჯან მჭედლიძემ და „oriGIn - საქართველოს“ დირექტორმა სოფიო სანიკიძემ.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემების
როლი ქვეყნების ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით განვითარებაში, ასევე, იმსჯელეს
სახელმწიფოს, ბიზნესსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების
შესაძლებლობებზე. ამ თემის ირგვლივ დიალოგის გაფართოება თანხვედრაშია გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული სააგენტოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია
FAO-სა და oriGIn-ის ახლახან გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან „გზამკვლევის შემუშავება
გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემების მდგრადობის ზრდის მიმართულებით“.
შეხვედრაზე დარეჯან მჭედლიძემ და სოფიო სანიკიძემ მონაწილეებს გაუზიარეს ადგილობრივი გამოცდილება საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებით, კერძოდ, მიმოიხილეს ახალი კანონი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“, რომელმაც ახლებურად დაარეგულირა გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციის პროცედურა და გაზარდა მეწარმეთა გაერთიანებების როლი გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემაში. გარდა ამისა, საქპატენტისა და „oriGIn - საქართველოს“ წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს 2026–2027 წლებში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის გასაძლიერებლად დაგეგმილ პრიორიტეტულ საკითხებზე.