საქპატენტმა ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგ-სემინარში მიიღო მონაწილეობა
16 დეკემბერი 2025 წ.



ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქ. ჩონკინგში, ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) ორგანიზებით, „სარტყლისა და გზის“ ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ტრენინგ-სემინარი გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებისთვის ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემდა გასცნობოდნენ ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის, სტრატეგიისა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ღონისძიებას საქართველოს მხრიდან დაესწრო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილე თიკა ნებიერიძე და სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი დარეჯან მჭედლიძე.
სემინარის ფარგლებში გაიმართა ინტელექტუალური საკუთრების სესიები, სადაც მონაწილეებმა წარადგინეს თავიანთი ქვეყნების უახლესი მიღწევები ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის განვითარების, პოლიტიკის შემუშავებისა და დაცვის მიმართულებით. დარეჯან მჭედლიძემ ისაუბრა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვის მექანიზმების გაძლიერების კუთხით ბოლო წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და საქპატენტის სამომავლო გეგმებზე.
პროგრამა მოიცავდა ვიზიტებს ადგილობრივ ორგანიზაციებში, მათ შორის, ჩონკინგის ინტელექტუალური საკუთრების ოფისში, Seres Group-ის საწარმოსა და ჩონკინგის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.
ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში, საქართველო–ჩინეთის თანამშრომლობის კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2024 წლის 12 სექტემბერს ქალაქ პეკინში საქპატენტსა და ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული განზრახვის წერილი, რომელიც გამოხატავს ორ ქვეყანას შორის მზაობას გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.