საქპატენტმა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ რჩეული გუნდი დააჯილდოვა
17 დეკემბერი 2025 წ.


საქპატენტის ხელშეწყობითა
და უშუალო ჩართულობით წელს მეთხუთმეტედ გაიმართა მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“.
კონკურსის მხარდამჭერია, ასევე, საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტრო. დაარსების დღიდან
„ლეონარდო და ვინჩი“ რუსთაველის
ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით იმართება.
საქპატენტის
სახელით გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა მერი მაჭარაშვილმა
რჩეული გუნდი დააჯილდოვა, რომელმაც კონკურსზე წარადგინა პროექტი - „მეწყერსაშიში
ზონების მონიტორინგის სისტემა“. აღნიშნული პროექტის ავტორებმა შეიმუშავეს მონიტორინგის
სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ქანების გადაადგილების მიმართულების დადგენას ნიადაგის
სიღრმეში განთავსებული მიმღები, გადამცემი და გამომსხივებელი კოჭების საშუალებით.
ღონისძიებაზე კონკურსის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და მინისტრის
მოადგილემ ზვიად გაბისონიამ. ასევე, დაჯილდოების
ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
მარიამ ლაშხი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორი ჯაბა სამუშია და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური
დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი.
2025 წლის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა 19 ინოვაციური პროექტი, რომელთაგან 15 მიეკუთვნება საინჟინრო
მეცნიერების დარგს, ხოლო 4 პროექტი კი – სამეცნიერო კვლევების დარგს. დაჯილდოების
ცერემონიაზე გამოვლინდა გრანპრის მფლობელი და I, II, III ადგილზე გასული პროექტები,
რომელთა ავტორებსაც გადაეცათ პრიზები და ფულადი ჯილდოები. გრანპრის მფლობელები გახდნენ
„ჭკვიანი მაგიდა-ორგანაიზერი უსინათლოთათვის“ ავტორები, I ადგილი მოიპოვა პროექტის
„ხიდებისა და შენობების დეფორმაციის მონიტორინგის სისტემა“ შემქმნელმა გუნდმა, მე
- II ადგილი დაიკავეს პროექტის – „ამინომჟავებით მოდიფიცირებული ბუნებრივი ფენოლური
ნაერთების სინთეზი და ბიოლოგიური აქტივობის შესწავლა“ ავტორებმა, ხოლო მე - III ადგილის
გამარჯვებულია პროექტის „პეროქსიდას, როგორც ეკოფერმენტის როლი საღებავებით დაბინძურებული
წყლის ბიორემედიაციაში“ შექმნაში მონაწილე მოსწავლეთა ჯგუფი.
კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში ინოვაციური,
ტექნიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, ხელს უწყობს მოზარდებში სამეცნიერო
და საგამომგონებლო საქმიანობის პოპულარიზაციასა და ინოვაციების სფეროთი ჯერ კიდევ სკოლის
ასაკიდან დაინტერესებას. კონკურსში მონაწილეობენ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების
VII–XII კლასის მოსწავლეები.
კონკურსის დაარსების დღიდან საქპატენტი მისი ერთგული პარტნიორი და მხარდამჭერია,
რომლის წარმომადგენელიც ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობს საკონკურსო ნამუშევრების
შეფასების პროცესში. კერძოდ, საკონკურსო კომისიის მუდმივმოქმედი წევრია საქპატენტის
გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტის მექანიკისა და ფიზიკის სამმართველოს უფროსი
ვასილ გიორგაძე. უმაღლესი კვალიფიკაციის ექსპერტი ახალგაზრდა გამომგონებელთა პროექტებს
აფასებს პატენტუნარიანობის ისეთი სამი ძირითადი კრიტერიუმის საფუძველზე, როგორიცაა:
სიახლე, საგამომგონებლო დონე და სამრეწველო გამოყენებადობა. სწორედ ამ კრიტერიუმებით
ხელმძღვანელობს საქპატენტი გამოგონებების პატენტუნარიანობის განსაზღვრის პროცესშიც.
საქპატენტისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ახალგაზრდებში
ინტელექტუალური საკუთრების სფეროსადმი ინტერესის გაღვივება, მათი მოზიდვა და ჩართვა
საგამომგონებლო და შემოქმედებით პროცესებში, რაც ქვეყნის ინოვაციური განვითარების მნიშვნელოვანი
საფუძველია.