ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) „გლობალური დაჯილდოების კონკურსი 2026“ გამოაცხადა
21 იანვარი 2026 წ.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) „გლობალური დაჯილდოების კონკურსი 2026“ ოფიციალურად გამოაცხადა. კონკურსის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით იმ სტარტაპების, მცირე, თუ საშუალო საწარმოების გამოვლენა, რომლებიც ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ფორმის გამოყენებით აღწევენ წარმატებას.
კონკურსში მონაწილეობა უფასოა და ღიაა ყველა ტიპის სტარტაპებისა და მცირე, თუ საშუალო საწარმოებისთვის მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან – ჯანდაცვისა და აგროსასურსათო სექტორებიდან დაწყებული, გარემოსდაცვითი, შემოქმედებითი ინდუსტრიებითა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით დამთავრებული. მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ წარმოაჩინონ როგორ იყენებენ ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ფორმას – საავტორო უფლებებს, სასაქონლო ნიშნებს, პატენტებსა და სხვა ინსტრუმენტებს ბიზნესის ზრდისა და ინოვაციების მხარდასაჭერად.
ელექტრონული განაცხადების მიღება შესაძლებელია 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით. განაცხადის შევსება შესაძლებელია WIPO-ს სამუშაო ენებზე (ინგლისური, არაბული, ფრანგული, ესპანური, რუსული და ჩინური).
2026 წელს, კონკურსის ფარგლებში, ჯილდოები გადაეცემა 11 კომპანიას, მათ შორის: ეკონომიკის ყველა სექტორიდან შერჩეულ 10 გამარჯვებულსა და 1 თემატურ გამარჯვებულს – მცირე და საშუალო საწარმოს სპორტის სფეროში, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის 2026 წლის თემის შესაბამისად, 2 სპეციალურ ნომინაციაში გამარჯვებულ მონაწილეებს – „საუკეთესო ქალი მეწარმე“ და „საუკეთესო ახალგაზრდა მეწარმე“.
WIPO-ს გლობალური ჯილდოების უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ აჯილდოებენ კომპანიებს, რომლებიც ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს იყენებენ არა მხოლოდ სამართლებრივ ინსტრუმენტად, არამედ როგორც ზრდის, კონკურენტუნარიანობისა და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიულ საფუძველს ინდუსტრიის სფეროსა და გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად.
გამარჯვებულები მიიღებენ: გლობალურ ხილვადობას WIPO-სა და გაეროს ქსელის მეშვეობით; ინდივიდუალურად მორგებულ 6-თვიან მენტორობის პროგრამას ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციისა და ბიზნესსტრატეგიის მიმართულებით; წვდომას ინვესტორებთან, კორპორაციებთან, საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ბიზნესქსელებთან; აგრეთვე, მიწვევას დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც გაიმართება ჟენევაში, WIPO-ს ასამბლეების ფარგლებში.
WIPO-ს გლობალური დაჯილდოების პროგრამა პირველად 2022 წელს განხორციელდა და მოკლე დროში იქცა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო პლატფორმად, რომელიც ხელს უწყობს ინტელექტუალური საკუთრების ეფექტიან გამოყენებას, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მცირე თუ საშუალო ბიზნესის მდგრად განვითარებას.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია WIPO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე:https://www.wipo.int/en/web/awards/global/how-to-apply