საქპატენტს ევროპის საპატენტო უწყების საძიებო სისტემაზე წვდომა მიენიჭა
05 თებერვალი 2026 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტს“ წვდომა მიენიჭა ევროპის საპატენტო უწყების (EPO) თანამედროვე საპატენტო საძიებო სისტემაზე ANSERA-based SEARCH (AbS), რაც საქპატენტისა და EPO-ს 2-წლიანი (2025-2026) საერთო სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელდა.
ANSERA-based SEARCH (AbS) ერთ-ერთი მოწინავე საპატენტო საძიებო სისტემაა მსოფლიოში, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას გლობალური საპატენტო მონაცემების ფართო და მრავალფეროვან სპექტრზე. AbS სისტემა გამოიყენება უშუალოდ ევროპის საპატენტო უწყების მიერ საპატენტო ძიებისა და ექსპერტიზის პროცესში, რაც მის სანდოობასა და ეფექტიანობაზე მიუთითებს.
AbS საძიებო პლატფორმა გამოირჩევა ფუნქციური მრავალფეროვნებითა და მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისით, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ექსპერტიზის პროცესში რელევანტური ინფორმაციის მოძიებასა და ზრდის კვლევითი შედეგების სიზუსტეს.
AbS სისტემაზე წვდომა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს საპატენტო სისტემის მდგრადობისა და ინსტიტუციური განვითარებისთვის. ევროპის საპატენტო უწყების უმსხვილეს და ყველაზე ავტორიტეტულ საპატენტო საძიებო ბაზაზე წვდომა ქმნის წინაპირობას საპატენტო ექსპერტიზის ხარისხის შემდგომი გაუმჯობესებისთვის და უზრუნველყოფს გამოგონების სამართლებრივი დაცვის სფეროში ახალი, მაღალი ღირებულების სერვისების განვითარების შესაძლებლობას.
აღნიშნული სისტემის დანერგვა საქპატენტს აძლევს შესაძლებლობას უფრო ეფექტიანად გამოიყენოს საპატენტო მონაცემთა ბაზები, გააუმჯობესოს ექსპერტიზის პროცესის ხარისხი, უზრუნველყოს დროისა და ინსტიტუციური რესურსების ოპტიმალური გამოყენება. სისტემაში არსებული მონაცემების მოცულობა და სანდოობა კი ხელს შეუწყობს დასაბუთებული და არგუმენტირებული საპატენტო გადაწყვეტილებების მიღებას.
საქპატენტსა და ევროპის საპატენტო უწყებას შორის შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტმა ანტონიო კამპინოსმა და საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ. ხელშეკრულება ძალაში შევიდა მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე, ხოლო მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა მომდევნო 4 წლით. ამასთან, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელი იქნება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება.