სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი დიოგო კოსტა კუნა ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციის შესახებ KIU-ში სალექციო კურსს წაიკითხავს
25 თებერვალი 2026 წ.


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, პროგრამის ხელმძღვანელმა გვანცა გუგეშაშვილმა, მენეჯმენტის სკოლის ხელმძღვანელის მოადგილემ ირინე კოპალიანმა და პროფესორმა დიოგო კოსტა კუნამ, როგორც სამაგისტრო პროგრამის თანაავტორმა, განიხილეს KIU-ის ბაზაზე ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების სფეროში ძლიერი აკადემიური სკოლის ჩამოყალიბების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებული გამოწვევების ანალიზს, მათ შორის, დარგობრივი ექსპერტიზის გაღრმავების, კვლევითი კომპონენტის გაძლიერებისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცესთან ინტეგრაციის საკითხებს.
სოსო გიორგაძემ აღნიშნა, რომ ქუთაისი თანმიმდევრულად ყალიბდება ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და კვლევის რეგიონულ ცენტრად. ამ პროცესის მნიშვნელოვანი დადასტურებაა როგორც ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ამოქმედება, ისე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სასწავლო ცენტრის შექმნა პარლამენტის ყოფილი შენობის ბაზაზე, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს ინოვაციურ ეკოსისტემას და განამტკიცებს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე.
ერთწლიანი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ 2025 წლის შემოდგომის სემესტრიდან ამოქმედდა საქპატენტის, WIPO-ს აკადემიასა და KIU-ს შორის გაფორმებული სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი გასულ წელს მიიღო. სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს უნიკალურ საგანმანათლებლო ინიციატივას რეგიონის ჭრილში, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება. მისი მიზანია ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. პროგრამა უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მომზადებას ინტელექტუალური საკუთრების მართვის, ინოვაციების მენეჯმენტისა და მეწარმეობის მიმართულებით, რაც მოიცავს როგორც ეროვნული და საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზის, ასევე ბიზნესის მართვის სტრატეგიების შესწავლას. მნიშვნელოვანია, რომ სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტში.
სასწავლო პროცესს, ქართველ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, უძღვებიან WIPO-ის აკადემიის მიერ შერჩეული მაღალი კვალიფიკაციის უცხოელი პროფესორები, რაც უზრუნველყოფს პროგრამის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას, თანამედროვე კვლევებსა და გლობალური პრაქტიკის ინტეგრაციას.
საქპატენტისთვის, როგორც ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებისთვის, საგანმანათლებლო პოლიტიკის განვითარება წარმოადგენს სტრატეგიულ პრიორიტეტს, რომელიც ემსახურება ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მდგრადობას, პროფესიონალთა რაოდენობის ზრდასა და ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით საქპატენტი მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობს WIPO-სთან.
ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონული საგანმანათლებლო და კვლევითი ჰაბის პოზიციონირებას, გააძლიერებს საერთაშორისო აკადემიურ და ინსტიტუციურ პარტნიორობასა და ქართველ ახალგაზრდებს მისცემს პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს.