EPO-ს ექსპერტებმა საქპატენტის თანამშრომლებს გენეტიკური ინჟინერიის სფეროში პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს
04 მარტი 2026 წ.



საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში – „საქპატენტში“
ჩატარდა ორდღიანი სასწავლო სესია, რომლის მიზანი იყო გენეტიკური ინჟინერიის სფეროში,
კერძოდ, CRISPR (Clustered Regularly Interspaced Short Palindromic Repeats – კლასტერული რეგულარული ინტერვალებით განლაგებული მოკლე პალინდრომული გამეორებები)
ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გამოგონებების საპატენტო ექსპერტიზის პრაქტიკის გაღრმავება
და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. სწავლება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა. სესიაში
მონაწილეობდნენ საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის ქიმიის, მედიცინისა
და ბიოლოგიის სამმართველოს თანამშრომლები.
სესიებს უძღვებოდნენ ევროპის საპატენტო უწყების (EPO) ექსპერტები – ჰარალდ
შმიდტ-იოდლე და მათიას ულბრეხტი, რომლებმაც მონაწილეებს გააცნეს ბიოტექნოლოგიური გამოგონებების
ექსპერტიზის მიმართულებით EPO-ს უახლესი მიდგომები, შეფასების სტანდარტები და გაუზიარეს
პრაქტიკული გამოცდილება.
სესია, ძირითადად, ფოკუსირებული იყო კლასტერული რეგულარული მოკლე პალინდრომული
განმეორებების (CRISPR) ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი გამოგონებების შეფასებაზე.
აღნიშნული ტექნოლოგია გენომის რედაქტირების თანამედროვე მექანიზმია, რომელიც ცოცხალ
ორგანიზმებში უზრუნველყოფს დნმ-ის კონკრეტულ მონაკვეთებში მიზნობრივ, ზუსტ და კონტროლირებად
ცვლილებებს. სწავლება მოიცავდა როგორც გენეტიკური ინჟინერიის თანამედროვე მიდგომებს
CRISPR ტექნოლოგიის გამოყენებითა და გენომის მიზნობრივი რედაქტირების მექანიზმებს,
ისე CRISPR ტექნოლოგიის პრაქტიკულ გამოყენებას მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში. გარდა
ამისა, სესიაზე განიხილეს პატენტუნარიან ობიექტებსა და გამონაკლისებს შორის არსებული
განსხვავება ევროპული საპატენტო კონვენციის კონტექსტში, ტრანსგენური და ტრადიციული
მეთოდებით მიღებულ ორგანიზმებს შორის განსხვავებები, გამოგონების ერთიანობისა
(Unity of Invention) და საგამომგონებლო დონის (Inventive Step) შეფასების კრიტერიუმები
და, ასევე, პრაქტიკული მაგალითები EPO-ს ექსპერტიზის პრაქტიკიდან.
სესიები მიმდინარეობდა ინტერაქტიურ და დისკუსიურ რეჟიმში, რამაც მონაწილეებს
საშუალება მისცა დეტალურად განეხილათ როგორც ტექნიკური, ისე სამართლებრივი საკითხები
და ეთიკური ასპექტები.
აღნიშნული თემატიკა განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე პირობებში, როდესაც
გენეტიკური ინჟინერიისა და გენომის რედაქტირების ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და
გვთავაზობს ახალი ტიპის ბიოტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. ასეთ პირობებში საპატენტო
ექსპერტიზა საჭიროებს კომპეტენციის გაძლიერებასა და სამართლებრივი გამოწვევების გადაჭრას.
სასწავლო სესიები განხორციელდა ევროპის საპატენტო უწყებასა და საქპატენტს შორის 2025–2026 წლების ორმხრივი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. აღნიშნული ფორმატის მიზნობრივი სესიები 2024 წლიდან ყოველწლიურად ტარდება, რაც ხელს უწყობს ეროვნულ დონეზე ექსპერტიზის ხარისხის ამაღლებასა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას.