საქპატენტისა და ხელოვნების სასახლის თანამშრომლობით გამოიცა კრებული - „მეშვიდე კონტინენტის ქართველი“
03 აპრილი 2026 წ.


საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ბაზაზე დაიბეჭდა წიგნი - „მეშვიდე კონტინენტის ქართველი“, რომელიც ქართველი მოზარდის, შალვა გიგოლაშვილის რეალურ და შთამბეჭდავ ისტორიას ეფუძნება. კრებული გამოიცა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრსა და საქართველოს ხელოვნების სასახლეს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, უშუალოდ სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დირექტორის გიორგი კალანდიას ინიციატივით.
წიგნი გვიყვება მოზარდის ცხოვრებაზე, რომელმაც საქართველო XX საუკუნის დასაწყისში რთული ისტორიული მოვლენების ფონზე დატოვა. ბრიტანელი სამხედროების დახმარებით იგი ინგლისში აღმოჩნდა, ხოლო მოგვიანებით ავსტრალიაში დასახლდა და სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო.
კრებულის პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს ხელოვნების სასახლეში, რომელიც გახსნა საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა გიორგი კალანდიამ. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და ვეტერანთა საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა გენერალმა კობა კობალაძემ. გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს მსგავსი გამოცემების მნიშვნელობის შესახებ, რაც ხელს უწყობს ეროვნული მეხსიერების შენარჩუნებასა და ქართული იდენტობის საერთაშორისო კონტექსტში გააზრებას. კრებული „მეშვიდე კონტინენტის ქართველი“ არა მხოლოდ ერთი ადამიანის ცხოვრების ისტორიაა, არამედ ქართველი ერის რთული ისტორიის, გადარჩენისა და ახალ გარემოში საკუთარი ადგილის პოვნის სიმბოლური ნარატივია. აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციას ესწრებოდნენ შალვა გიგოლაშვილის შვილი და ოჯახის წევრები.
კრებული გამოიცა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩოს თანადგომით. ორენოვანი (ქართული-ინგლისური) კრებული თარგმნა ხელოვნების სასახლის თანამშრომელმა ნინი სამხარაძემ.