საქპატენტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტები ესტუმრნენ
06 აპრილი 2026 წ.
საქპატენტის სათავო ოფისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ.
ვიზიტი უკავშირდება სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი არჩევით პრაქტიკულ კომპონენტს „საქპატენტის კლინიკას“, რომელიც 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ამოქმედდა და ითვალისწინებს პრაქტიკულ სწავლებას საქპატენტში. „კლინიკა“ სტუდენტებს საშუალებას აძლევს უშუალოდ ადგილზე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, გაეცნონ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქმიანობის სპეციფიკას და ექსპერტიზის პროცედურებს.
ვიზიტის მიზანია სტუდენტებისთვის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ჩარჩოსა და სამუშაო პროცესების საქმიან გარემოში გაცნობა. მსგავსი პრაქტიკა ხელს უწყობს როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ისე ინტელექტუალური საკუთრების სისტემის ფუნქციონირების შესახებ კომპლექსური ხედვის ჩამოყალიბებას.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების, დიზაინის, გამოგონებებისა და, ასევე მცენარეთა ახალი ჯიშების მიმართულებით მიმდინარე საქმიანობას.
აღნიშნული აქტივობა განხორციელდა საქპატენტსა და თსუ-ს შორის 2021 წელს გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც მხარეები მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ახორციელებენ ერთობლივ საგანმანათლებლო და პრაქტიკულ ინიციატივებს.
მნიშვნელოვანია, რომ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების პრაქტიკული უნარების გაძლიერების მიზნით, 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში დაგეგმილია მსგავსი ტიპის არა ერთი საგანმანათლებლო ვიზიტი.
საქპატენტისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდებში ინტელექტუალური საკუთრების სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათი ჩართულობის ხელშეწყობას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში, სტაჟირებებსა და პრაქტიკულ აქტივობებში. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომავალ სამართალმცოდნეებს შორის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის პოპულარიზაციასა და სფეროს მიმართ ინტერესის გაზრდას.