ისმოს-ს ინტელექტუალური საკუთრების აკადემიის აღმასრულებელი დირექტორის ვიზიტი საქპატენტში
14 სექტემბერი 2016 წ.
ამა წლის 13-14 სექტემბერს საქპატენტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ინტელექტუალური საკუთრების აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი შერიფ საადალა.
საქპატენტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ გოგილიძესთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქპატენტი/ისმო-ს ინტელექტუალური საკუთრების აკადემიის ერთობლივი პროექტის მიმდინარეობა და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, როგორიცაა გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ საქართველოში პროფესიული რეგიონალური კურსის შემუშავება , სასკოლო ასაკის მოსწავლეების ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განათლების პროექტებში მონაწილეობა, მოსამართლეებისათვის შემუშავებულ საგანმანათლებლო პროგრამებში საქართველოს მონაწილეობა, ისმო-ს აკადემიის კურსების ქართულ ენაზე თარგმნა და ადაპტირება.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის არსებული მექანიზმები და ინფრასტრუქტურა, რაც იძლევა შესაძლებლობას სამომავლოდ საქართველოში შემუშავდეს გეოგრაფიულ აღნიშვნებზე პროფესიული განათლების კურსი.
შეხვედრები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოსთან და ინტელექტუალური საკუთრების აკადემიის მომავალ ლექტორებთან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან, თამაზ მარსაგიშვილთან შეხვედრისას, მინისტრის მოადგილემ სტუმარს დაუდასტურა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებულ საგანმანათლებლო პროექტებში საქართველოს მონაწილეობის დიდი ინტერესი.

