ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები საქპატენტს ეწვივნენ
05 ნოემბერი 2026 წ.



საქპატენტისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო ბაზარზე სასაქონლო ნიშნების დაცვის საკითხებზე გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის დასრულებისთანავე WIPO-ს ექსპერტებმა ქართული კომპანიების წარმომადგენლებს ინდივიდუალური კონსულტაციები გაუწიეს.
კონსულტაციების ჩატარება მიზნად ისახავდა ქართული კომპანიების საჭიროებების უკეთ გაცნობასა და მათთვის პრაქტიკული რეკომენდაციების მიწოდებას სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო დაცვისა და მადრიდის სისტემის გამოყენების თაობაზე, ასევე, საერთაშორისო რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
შეხვედრებზე კომპანიების წარმომადგენლებმა უცხოელ ექსპერტებს გააცნეს საკუთარი საქმიანობის მიმართულებები, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლისა და გაფართოების გეგმები. მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს იმ გამოწვევებზე, რომლებსაც აწყდებიან უცხოეთში საკუთარი სასაქონლო ნიშნების დაცვისას. შეხვედრებზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ მათ საჭიროებებზე მორგებული პრაქტიკული რჩევები მათთვის საინტერესო ქვეყნებში სასაქონლო ნიშნების დაცვისა და არსებული რეგისტრაციების მართვის შესახებ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, WIPO-ს წარმომადგენლები საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისსაც ეწვივნენ, სადაც გაეცნენ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის საქმიანობას. WIPO-ს ექსპერტებმა საქპატენტის ხელმძღვანელ პირებთან განიხილეს მადრიდის სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. გარდა ამისა, უცხოელ სტუმრებს კომპანია „შატო მუხრანშიც“ უმასპინძლეს. ვიზიტის ფარგლებში ისინი ადგილზე გაეცნენ კომპანიის საქმიანობას. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, ქართული ბიზნესის საჭიროებების უკეთ გააზრებასა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმების ეფექტიან გამოყენებას. საერთაშორისო ბაზრებზე საკუთარი ბრენდების სათანადო დაცვა კომპანიებს ეხმარება კომერციული ინტერესების გატარებასა და განხორციელებაში, სამართლებრივი რისკების შემცირებასა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში.
ბოლო სიახლეები