„ჭაჭაზე“ ჩინეთში წინასწარი გადაწყვეტილება გამოტანილია
11 მაისი 2016 წ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAIC) სასაქონლო ნიშნების უწყება , გეოგრაფიულ აღნიშვნაზე „ჭაჭა“ რეგისტრაციის მოწმობას რამდენიმე თვეში გასცემს და მასზე უფლებას ჩინეთის ტერიტორიაზე საქართველო დაიბრუნებს. ინფორმაცია წინასწარი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ ქართულ დელეგაციას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით და საქპატენტის თავმჯდომარის მონაწილეობით, ჩინელმა კოლეგებმა გააცნეს. ოფიციალური შეხვედრა რომელიც 11 მაისს (2016 წ.) პეკინში, ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყებაში გაიმართა, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის მიმდინარე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების მე-2 რაუნდის ფარგლებში შედგა.
„ჭაჭა“, „ხვანჭკარა“, „წინანდალი“ და „ქინძმარაული“ დავის საგანია საქპატენტსა და ჩინურ კომპანიებს შორის 2014 წლიდან. საქპატენტმა ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყებაში 2013 წელს შეიტანა 6 განაცხადი ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების ,,ტვიში”, ,,ხვანჭკარა”, ,,წინანადალი”, ,,ქინძმარაული”, ,,მუკუზანი” და ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის ,,ჭაჭა” დასარეგისტრირებლად. უწყებამ 4 განაცხადზე უარყოფითი გადაწყვეტილება გამოიტანა იმ მოტივით, რომ ისინი მსგავსი იყო უკვე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნებისა. მხოლოდ 2 დასახელებაზე ,,მუკუზანი” და ,,ტვიში” ექსპერტიზა გაგრძელდა ჩვეულებრივ რეჟიმში და 2015 წლის იანვარში ორივე მათგანზე გაიცა რეგისტრაციის მოწმობა. ასევე, 2015 წელს ,,ხვანჭკარის” რეგისტრაცია გაუუქმდა ფიზიკურ პირს, რომელსაც არაკეთილსინდისიერად ჰქონდა დარეგისტრირებული ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება და გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ დასახელების მფლობელად ავტომატურად საქართველო დარეგისტრირდება. ქართულმა დელეგაციამ პეკინში შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ სარჩელი სხვა სადაო დასახელებებზეც დაკმაყოფილდება. ასევე, გადაწყდა რომ, ჩინეთის მხარე საქპატენტს ჩაუტარებს ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების ძიებას, იმის გამოსავლენად, არის თუ არა რეგისტრირებული ქართული დასახელებების შემცველი ნიშნები ჩინეთის ტერიტორიაზე.
მხარეებს შორის კოორდინირებული მუშაობის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყებასა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - საქპატენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელობასთან, რომელთანაც საქპატენტი თანამშრომლობს 2013 წლიდან მემორანდუმის ფარგლებში. შეხვედრაზე სამოქმედო გეგმის ხელმოწერის თარიღად შეირჩა 21 ივლისი (2016 წ.), როდესაც პეკინში დაგეგმილი ინტელექტუალური საკუთრების HL კონფერენცია და მასზე დასწრების ოფიციალური მოწვევა საქპატენტის ხელმძღვანელობას შეხვედრაზე გადაეცა. სამოქმედო გეგმა შეეხება უწყებების თანამშრომლობას ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლების, გამოცდილების გაზიარების, მონაცემებისა და დოკუმენტების გაცვლის მიმართულებით, ასევე, უწყებებთან არსებული ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრების თანამშრომლობის მიმართულებით.
ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების უწყება დღეისათვის წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ ინტელექტუალური საკუთრების უწყებას 12 000 გამოგონების და დიზაინის ექსპერტით. 2015 წელს უწყებას მილიონზე მეტი გამოგონების, 800 ათასი დიზაინის განაცხადი მიიღო.

