საქპატენტმა საფრანგეთის რესპუბლიკის სენატორებს უმასპინძლა
18 თებერვალი 2016 წ.
18 თებერვალს საქპატენტს საფრანგეთის რესპუბლიკის სენატორი პასკალ ალიზარი, სენატის ევროპული კომიტეტის მრჩეველი ფაბრის ჰიუგო და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“(DCFTA) მნიშვნელობაზე და მის როლზე ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გასავითარებლად საქართველოში.
შეხვედრაზე საქპატენტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ, ყურადღება გაამახვილა საქარვთელოს გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარების აუცილებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს გაუზიარებენ გამოცდილებას და დაეხმარებიან ეფექტური გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის შემუშავებაში. ასევე, საუბარი შეეხო ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების გაუმჯობესების მექანიზმებსა და საინოვაციო საქმიანობის ხელშეწყობას, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს ეკონომიკური წინსვლისა და განვითარების გზაზე.
მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. სენატორებმა გამოხატეს საქპატენტის მხარდაჭერა და თანადგომა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროს განვითარების საქმეში.

