საქპატენტი „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ ფინალისტებს უმასპინძლებს
16 თებერვალი 2016 წ.
2016 წლის 12 თებერვალს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით, „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ ფინალური ტური გაიმართა, სადაც კონკურსში გამარჯვებული გუნდები გამოავლინეს. პირველ ადგილზე გასული გუნდი "სოლარი" პროექტით -"მზის პანელის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია", 20-24 აპრილს, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ში კონრადის ფონდის მიერ ორგანიზებულ ინოვაციების სამიტში, რომელიც NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში, ფლორიდაში გაიმართება.
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს კომაროვის 199-ე საჯარო სკოლის გუნდებმა. მესამე ადგილზე გასულ გუნდს პროექტით -„მემბრანული კინემატიკური წყვილებიანი ორიგინალური განშლადი კონსტრუქციის დიზაინი“ საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სოფიო მუჯირმა, საქპატენტის სპეციალური პრიზი პორტაბელური კომპიუტერი, LENOVO გადასცა. უახლოეს მომავალში ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი კონკურსის ყველა ფინალისტს საქპატენტში უმასპინძლებს, სადაც გაიმართება პრეზენტაცია თემაზე - „იდეიდან ინტელექტუალური საკუთრების დაცვამდე“, აქვე მოსწავლეები გაეცნობიან საქპატენტის საქმიანობას, საკვლევი ობიექტის წინასწარი ძიების მექანიზმებს და ადგილზე ნახავენ საპატენტო ექსპერტიზის მიმდინარეობის პროცესს. მიღებული ინფორმაცია მათ დაეხმარება ახალი პროექტების შემუშავებასა და შექმნაში.
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის" პროექტი, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით განხორციელდა, ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციებისა და საბუნებისმეტყველო განათლების პოპულარიზაციას, ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას, ხელს უწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარებასა და ამ მიმართულებით ახალი მიღწევების შესაძლებლობას.

