საქართველოში დიზაინის რეგისტრაციისათვის საჭიროა საქპატენტში სათანადოდ გაფორმებული განაცხადის წარდგენა.
დიზაინის განაცხადის შეტანის უფლება აქვს დიზაინერს ან მის უფლებამონაცვლეს, მაგრამ თუ დიზაინი შექმნილია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შედეგად ან შეკვეთით და დიზაინის შესაქმნელად გამოყენებული იყო დამსაქმებლის/შემკვეთის მფლობელობაში არსებული რესურსი, ამ შემთხვევაში განაცხადის შეტანის უფლება აქვს დამსაქმებელს/შემკვეთს, თუ მათ შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დიზაინის განაცხადი უნდა შეიცავდეს განცხადებას დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე და დიზაინის გამოსახულებას, ეს უკანასკნელი წარდგენილი უნდა იყოს ნეიტრალურ ფონზე შესრულებული გრაფიკული ან ფოტოგრაფიული გამოსახულების სახით და არ უნდა შეიცავდეს წარწერას, განმარტებით ტექსტს ან სხვა ისეთ ელემენტს, რომელიც დასაცავ დიზაინს არ ეკუთვნის;
განაცხადი დამატებით შეიძლება შეიცავდეს დიზაინის აღწრილობას, რომელიც მხოლოდ განმარტავს წარმოდგენილ გამოსახულებას. თუ განაცხადი შეტანილია განმცხადებლის წარმომადგენლის მიერ, განაცხადს უნდა ახლდეს წარმონადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო, თუ განმცხადებელი დიზაინერის უფლებამონაცვლეა, მოითხოვება უფლებათა გადაცემის აქტი.
დასაშვებია ერთი განაცხადით მოთხოვნილი იყოს რამდენიმე (არა უმეტეს ასისა) დიზაინის დაცვა, თუ ისინი მიეკუთვნება ლოკარნოს საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთ კლასს. თითოეული დიზაინი ასეთ შემთხვევაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განიხილება და დამოუკიდებელი დაცვის საგანია.
საქპატენტში წარდგენილ განაცხადზე ხდება შეტანის თარიღის დადგენა და ტარდება ფორმალური მოთხოვნების და არსობრივი ექსპერტიზა.
ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დროს მოწმდება წარდგენილი მასალების სისრულე და გაფორმების სისწორე, ხოლო არსობრივი ექსპერტიზა კი ითვალისწინებს „დიზაინის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, მათ შორის სიახლის ექსპერტიზას, რომლის დროსაც მოწმდება საქპატენტში შეტანილი და საერთაშორისო ბიუროს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უფლებების გავრცელების მოთხოვნით რეგისტრირებულ დიზაინები. არსობრივი ექსპერტიზის შედეგად გამოიტანება გადაწყვეტილება დიზაინის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. დიზაინი არ რეგისტრირდება, თუ: ის არ შეესაბამება განმარტებას; მისი რეგისტრაცია ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს; მისი იდენტური დიზაინი უკვე წარდგენილია ან რეგისტრებულია საქპატენტში; შეიცავს ან ემთხვევა საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის ან უცხო ქვეყნის, ან საერთაშორისო ორგანიზაციის გერბს, დროშას, მის სრულ ან შემოკლებულ სახელწოდებას და არ არის წარმოდგენილი კომპეტენტური ორგანოს თანხმობა მისი გამოყენების თაობაზე; ან შეიცავს ან ემთხვევა საქართველოში დაცულ საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას. დიზაინი არ დარეგისტრირდება იმ შემთხვევაშიც, თუ საგანაცხადო მასალები არ იქნება დადგენილი წესის შესაბამისად გაფორმებული.
დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ განაცხადის ბიბლიოგრაფიული მონაცემები და დიზაინის გამოსახულება ქვეყნდება საქართველოს სამრეწველო საკუთრების ბიულეტენში და თუ გამოქვეყნებიდან 3 თვის განმავლობაში არ შემოვა საქპატენტში სააპელაციო საჩივარი დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, ხდება დიზაინის რეგისტრაცია რეესტრში.
საქპატენტში წარდგენილი დიზაინის ექსპერტიზის და რეგისტრაციის პროცედურის ხანგრძლივობა, მოწმობის მიღების ჩათვლით შეადგენს 8-9 თვეს.
განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს დიზაინის დაჩქარებული რეგისტრაცია, ამ შემთხვევაში ექსპერტიზის და რეგისტრაციის პროცედურის ხანგრძლივობა, მოწმობის მიღების ჩათვლით, შეადგენს 1,5 თვეს.
დიზაინის განაცხადის ექსპერტიზის, რეგისტრაციის, მოქმედების ძალის შენარჩუნების და სხვა ქმედებებისთვის გადახდილი უნდა იყოს შესაბამისი საფასური, საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა იწვევს განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტას ან რეგისტრაციის გაუქმებას.
რეგისტრაციის მოქმედების ვადა განისაზღვრება 5 წლით, განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღიდან და შეიძლება გაგრძელდეს ყოველი შემდგომი 5 წლით, არა უმეტეს 25 წლისა.
დიზაინის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო, თუ იგი არ აკმაყოფილებს სამართლებრივი დაცვის მოთხოვნებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, ან შეიცავს ისეთ ელემენტს, რომლის გამოყენებითაც ირღვევა ადრინდელი უფლება.