ნიშნის სარეგისტრაციოდ საქპატენტში შეტანილ განაცხადს უტარდება ფორმალური მოთხოვნებისა და არსობრივი ექსპერტიზა.
ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანიდან ორი თვის ვადაში. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დროს მოწმდება განაცხადისა და თანმხლები საბუთებით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.
არსობრივი ექსპერტიზა ტარდება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებიდან ექვს თვეში. არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე მოწმდება, არსებობს თუ არა წარმოდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური ან/და შედარებითი საფუძვლები. თუ ასეთი საფუძვლები არ არსებობს, ექსპერტიზას გამოაქვს გადაწყვეტილება წარმოდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციის შესახებ. წარმოდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციაზე დადებითი გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი თვის ვადაში განაცხადის მასალები ქვეყნდება საქპატენტის სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში. გამოქვეყნების თარიღიდან სამი თვის ვადაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაასაჩივროს ექსპერტიზის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება საქპატენტის სააპელაციო პალატაში იმ საფუძვლით, რომ ნიშანი არ აკმაყოფილებს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 (სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლები) და მე-5 (სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები) მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
წარმოდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური ან/და შედარებითი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ექსპერტიზას გამოაქვს გადაწყვეტილება წარმოდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
რეგისტრაციაზე გამოტანილი უარყოფითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს განმცხადებლის მიერ საქპატენტის სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი თვის ვადაში.
გარდა სტანდარტული პროცედურისა, განმცხადებელს შეუძლია დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში, განაცხადზე საქმისწარმოება სრულდება ათ სამუშაო დღეში.
განაცხადის საქპატენტში წარდგენა შესაძლებელია, როგორც ელექტრონულად, ისე ინსტრუქციით დადგენილი წესით შევსებული ბლანკით. განაცხადი ივსება ქართულ ენაზე.
როგორც საქპატენტის ექსპერტიზის, ისე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებების გასაჩივრება, კანონით განსაზღვრული წესით, შესაძლებელია სასამართლოში.