საფასურის გადახდის ინსტრუქცია
1. მიზანი
საფასურის გადახდის ინსტრუქცია განსაზღვრავს საქპატენტში „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდის ახალი ელექტრონული სისტემის გამოყენებისა და ადმინისტრირების წესს.
2. გადახდის განხორციელების წინაპირობა
გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელი ავტორიზებული უნდა იყოს საქპატენტის ელექტრონულ პორტალზე (https://online.sakpatenti.gov.ge/) და არჩეული ჰქონდეს შესაბამისი განაცხადი ან მომსახურება, რომლისთვისაც საჭიროა საფასურის გადახდა.
3. გადახდის გვერდზე გადასვლა
საქპატენტის პორტალზე ავტორიზაციის შემდეგ, ნავიგაციის მენიუში მომხმარებელი ირჩევს განყოფილებას „გადახდები“.
4. გადასახდელი საფასურის ოდენობა და პირობები
- საფასურის ოდენობა და ვადა: საქპატენტისგან მიღებული ოფიციალური შეტყობინება და ინვოისი მოიცავს ინფორმაციას გადასახდელი ქმედების, საფასურის ოდენობისა და გადახდის ვადის შესახებ.
- ანგარიშსწორების ვალუტა და კურსი: მომსახურების ღირებულება იანგარიშება „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილების შესაბამისად, ეკვივალენტით ლარში, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
5. გადასახდელი ქმედების არჩევა
- გადახდების გვერდზე შესვლისას აისახება ყველა მიმდინარე გადასახდელი ქმედება, რომლებიც აღქმის გასამარტივებლად მონიშნული იქნება წითელი ფერით.
- მომხმარებელს შეუძლია ძებნის ფუნქციისა და ფილტრების მეშვეობით მოიძიოს გადასახდელი ქმედება/ების სტატუსი და ტიპი.
6. გადახდის ფორმატი
- მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გადასახდელად აირჩიოს როგორც ცალკეული (ერთი) ქმედება ერთეული ინვოისის ნომრის მონიშვნით, ისე რამდენიმე ქმედება ერთად შესაბამისი ინვოისების ჯგუფურად მონიშვნით.
- ჯგუფური გადახდის მონიშვნისას ახალ ფანჯარაში აისახება ინვოისების სრული სია. ერთი ან რამდენიმე ინვოისის გადახდისთვის ღილაკზე „კალათაში დამატება“ დაჭერისას არჩეული ინვოისები გადავა კალათაში, სადაც თითოეულისთვის აისახება: განაცხადის/რეგისტრაციის ნომერი, გადასახდელი ქმედება, დავალიანება და შესაბამისი ინვოისი.
- კალათაში სასურველი ინვოისების არჩევის/მონიშვნის შემდეგ გამოჩნდება გადახდის ორი მეთოდის (საბანკო ბარათითა და უნიკალური ერთჯერადი კოდით), ასევე, კალათის გასუფთავების ღილაკი.
7. გადახდის მეთოდის არჩევა
ინვოისების მონიშვნის შემდეგ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს გადახდის ორი მეთოდიდან ერთ-ერთი:
- ბარათით გადახდა − საბანკო ბარათით გადახდა.
- გადახდა ინტერნეტ/მობილბანკიდან ან სწრაფი გადახდის აპარატით − გადახდა უნიკალური ერთჯერადი კოდით (ინვოისის ნომრით).
უნიკალური ერთჯერადი კოდით (ინვოისის ნომრით) გადახდა შესაძლებელია ინტერნეტ/მობილბანკით, სწრაფი გადახდის აპარატით ან ბანკის ოპერატორის მეშვეობით. კოდის შეყვანისას, სისტემაში ავტომატურად აისახება გაერთიანებული ინვოისების ჯამური თანხა, რომელიც გადახდის შემდეგ ნაწილდება შესაბამის ქმედებაზე.
- მატერიალური ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, გადახდა შესაძლებელია ინტერნეტ/მობილბანკით, სწრაფი გადახდის აპარატით ან ბანკის ოპერატორის მეშვეობით − უნიკალური ერთჯერადი კოდის (ინვოისის ნომრის) მითითებით.
შენიშვნა: სწრაფი გადახდის აპარატით ზედმეტად გადახდილი თანხა მომხმარებელს დაუბრუნდება მის მიერ მითითებული მობილური ტელეფონის ნომრის ანგარიშზე.
8. გადახდის განხორციელება
გადახდის პროცესი გრძელდება მომხმარებლის მიერ არჩეული მეთოდის მიხედვით:
- ბარათით გადახდის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი ირჩევს ღილაკს „ბარათით გადახდა“. იხსნება ფანჯარა (პოპაპი), სადაც მითითებულია გადახდის იდენტიფიკატორი, საფასური, საკომისიო, ჯამური თანხა და არჩეული ქმედებების სია. ღილაკზე „გადახდა“ დაჭერით მომხმარებელი გადამისამართდება ბანკის გვერდზე ბარათის მონაცემების შესაყვანად (გადახდის გაუქმება შესაძლებელია პოპაპის დახურვით).
- ინტერნეტ/მობილბანკით, სწრაფი გადახდის აპარატით ან ბანკის ოპერატორის მეშვეობით გადახდის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი ირჩევს ღილაკს „გადახდა ინტერნეტ/მობილბანკით ან სწრაფი გადახდის აპარატით“. ღილაკზე დაჭერით გენერირდება ერთჯერადი უნიკალური კოდი, რომელიც შესაბამის ინტერფეისში შეყვანისას ან ბანკის ოპერატორის მეშვეობით მოგცემთ საფასურის გადახდის შესაძლებლობას. გადახდისას სისტემაში აისახება გაერთიანებული ინვოისების ჯამური თანხა და გადახდის განხორციელებისთანავე სისტემა ავტომატურად გადაანაწილებს მას შესაბამის ქმედებებზე.
9. გადახდის შედეგი
- ქვითარი: ინტერნეტბანკსა და მობილბანკში ავტომატურად გენერირდება გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ხოლო ბაზაში შესაბამის ინვოის/ებს მიენიჭება სტატუსი „გადახდილი“.
- გადახდის სტატუსი: წარმატებით დასრულებისას საქპატენტის პორტალზე არსებული ინვოისების სტატუსი ავტომატურად განახლდება და წითელი ფერიდან მწვანეზე გადავა.
- გადახდების ისტორია: გადახდების გვერდზე მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს საკუთარი ანგარიშით განხორციელებული ყველა გადახდის ისტორიას.
10. შეუსაბამობის (ხარვეზის) შემთხვევები
ბარათით გადახდისას პროცესის დასრულებისთანავე გამოჩნდება შეტყობინება წარმატებული ან უარყოფილი ტრანზაქციის შესახებ. ხარვეზის შემთხვევაში, მიეთითება მიზეზი:
- თანხა ჩამოიჭრა, მაგრამ სტატუსი არ განახლდა: მომხმარებელმა წერილობით უნდა მიმართოს საქპატენტს და წარადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- ქვითარი არ დაგენერირდა: მომხმარებელმა უნდა მიმართოს შესაბამის ბანკს ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: +995 32 2 25 25 33
ელ. ფოსტა: info@sakpatenti.gov.ge