გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია
ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენა ხდება საქპატენტში უშუალოდ განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ, ქართულ ენაზე. განაცხადი უნდა შეიცავდეს:
• ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნას;
• განმცხადებლისა და კომპეტენტური უწყების ან მაკონტროლებელი ორგანოს (არსებობის შემთხვევაში) სახელსა და გვარს/სახელწოდებებს, საიდენტიფიკაციო ნომრებსა და იურიდიულ მისამართებს;
• იმ ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას, რომლის რეგისტრაციაც მოითხოვება. თუ ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა ქართულ ენაზე არ არის შესრულებული, წარდგენილ უნდა იქნეს მისი ქართულად ტრანსლიტერირებული ფორმაც;
• იმ საქონლის კატეგორიას, რომლისთვისაც მოითხოვება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია;
• განმცხადებლის მიერ გაცემულ წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს, თუ განაცხადს წარადგენს წარმომადგენელი;
• უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;
• საქონლის სპეციფიკაციას;
• დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ საქონლის განსაკუთრებული ხარისხი, რეპუტაცია ან თვისებები შესაბამისი გეოგრაფიული არეალის ბუნებრივი ფაქტორით ან/და ადამიანური ფაქტორით არის განპირობებული;
• კონტროლის გეგმას, რომლითაც ხორციელდება საქონლის სპეციფიკაციით გათვალისწინებული საქონლის წარმოების პირობების კონტროლი;
• დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის წარმოშობის ქვეყანაში დაცვას, თუ განმცხადებელი უცხოელია;
• დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის საფასურის გადახდას.
• განაცხადს უნდა ახლდეს ერთიანი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს:
– საქონლის სპეციფიკაციის ძირითად მონაცემებს: საქონლის დასახელებასა და აღწერას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, საქონლის შეფუთვისა და ეტიკეტირების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წესებს და შესაბამისი გეოგრაფიული არეალის ზუსტ აღწერას;
– საქონლის ხარისხს ან მახასიათებლებს და გეოგრაფიულ გარემოსა და ადამიანურ ფაქტორს შორის არსებული კავშირის აღწერას საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, აღნიშნული კავშირის დამადასტურებელ საქონლის აღწერის ან მისი წარმოების მეთოდის სპეციფიკურ ელემენტებს.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც საქპატენტში უშუალო წარდგენით, ისე ელექტრონულად (მის.: http://online.sakpatenti.gov.ge).
საქპატენტში შეტანილ განაცხადს უტარდება ექსპერტიზა.
საქპატენტი განაცხადის წარდგენიდან 2 თვის ვადაში ამოწმებს განაცხადის შესაბამისობას კანონთან;
თუ განაცხადი შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, საქპატენტი 3 თვის ვადაში ამოწმებს ხომ არ არსებობს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები;
თუ საქპატენტი მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის საფუძვლები, იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის ექსპერტიზის გაგრძელების შესახებ ან წინააღმდეგ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ;
განაცხადის ექსპერტიზის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განაცხადზე საქმისწარმოება გაგრძელდება ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განმხილველი ეროვნული კომისიის დებულებით დადგენილი წესით;
კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის, რეგისტრაციაზე უარის თქმის, რეგისტრაციის გაუქმების ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 1 თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში;
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის ან სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას საქპატენტი აქვეყნებს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში, საქპატენტის ვებგვერდზე და 1 ადგილობრივ გაზეთში (არსებობის შემთხვევაში).
რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება, ან გეოგრაფიული აღნიშვნა, ან აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა დაცულია უვადოდ.
ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციას, საქპატენტის ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე აუქმებს კომისია, იმ შემთხვევაში, თუ აღარ არის უზრუნველყოფილი საქონლის სპეციფიკაციის მოთხოვნებთან საქონლის შესაბამისობა, ამ მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში.