კითხვა-პასუხი
გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული ადგილის სახელი ან, გამონაკლის შემთხვევებში, რაიმე სხვა აღნიშვნა, რომელიც მიუთითებს გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილზე და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად, რომლის განსაზღვრული თვისებები, ხარისხი ან რეპუტაცია ამ გეოგრაფიულ ადგილთან არის დაკავშირებული, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია აქ არსებული ბუნებრივი პირობებით და ადამიანური ფაქტორით. ამასთან, საქონლის წარმოების ერთი ეტაპი მაინც უნდა განხორციელდეს ამ გეოგრაფიული არეალის საზღვრებში.
გეოგრაფიული აღნიშვნები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სახის საქონლისათვის, თუმცა, დღეისათვის ისინი ყველაზე ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობის პროდუქტებისათვის.
ადგილწარმოშობის დასახელება არის გეოგრაფიული ადგილის, რაიონის ან რეგიონის, სახელი, რომელიც გამოიყენება ისეთი საქონლის მოსანიშნად, რომლის განსაკუთრებული ხარისხი ან თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი პირობებით და ადამიანური ფაქტორით. ამასთან, საქონლის წარმოების ყველა ეტაპი უნდა განხორციელდეს მხოლოდ ამ გეოგრაფიული არეალის საზღვრებში.
სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო, რომელსაც იყენებს ფიზიკური ან იურიდიული პირი თავისი საქონლის ან/და მომსახურების საიდენტიფიკაციოდ, რაც განასხვავებს მის საქონელს სხვისი საქონლის ან/და მომსახურებისაგან. გეოგრაფიული აღნიშვნა კი მომხმარებელს მიანიშნებს იმაზე, რომ საქონელი წარმოებულია/გადამუშავებულია გარკვეულ ადგილზე და გააჩნია წარმოების ადგილით განპირობებული ხარისხი ან სხვა მახასიათებლები. გარდა ამისა, თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება აკრძალოს მისი სასაქონლო ნიშნის უნებართვო გამოყენება, გეოგრაფიული აღნიშვნა კოლექტიური საკუთრებაა და ეკუთვნის შესაბამისი სქონლის მწარმოებელთა ჯგუფს, ის შეიძლება გამოიყენოს ყველა მეწარმემ, რომელიც თავის საქონელს გეოგრაფიული აღნიშვნით მითითებულ ადგილზე აწარმოებს და რომლის მახასიათებლებიც დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ადგილწარმოშობის დასახელებად ან გეოგრაფიულ აღნიშვნად არ რეგისტრირდება დასახელება, რომელიც:
- ეწინააღმდეგება გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების ცნებას;
- მიჩნეულია გვარეობით ცნებად;
- ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან მორალის აღიარებულ პრინციპებს;
- ეწინააღმდეგება მცენარის (საღვინე ვაზის ჯიშის ჩათვლით) ან ცხოველის ჯიშის დასახელებას, რამაც შეიძლება მომხმარებელს შეუქმნას მცდარი წარმოდგენა საქონლის წარმოშობის შესახებ.
გვარეობითი ცნება არის საქონლის დასახელება, რომელიც იმ ადგილთან, რეგიონთან, ან ქვეყანასთან კავშირის მიუხედავად, სადაც ეს საქონელი თავდაპირველად იწარმოებოდა ან იყიდებოდა, საქართველოში ამ საქონლის საერთო დასახელებად იქცა. გეოგრაფიული აღნიშვნით მონიშნულ საქონელს, იმავე კატეგორიის სხვა საქონლისგან განსხვავებით, გამორჩეული თვისებები და მახასიათებლები აქვს. შესაბამისად, ხშირად მომხმარებელი მას იყენებს როგორც ამ საქონლის სახეობის დასახელებას. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ასეთი არასათანადო გამოყენების შედეგად, საზოგადოების ცნობიერებაში გეოგრაფიული აღნიშვნა ყალიბდება არა როგორც მითითება ამ საქონლის წარმოშობის ადგილზე, არამედ როგორც გარკვეული თვისებების მქონე საქონლის გვარეობითი ცნება და ის აღარ ასრულებს გეოგრაფიული აღნიშვნის ფუნქციას (მაგ., „დიჟონური მდოგვი“ დროთა განმავლობაში გადაიქცა მდოგვის განსაზღვრული სახეობის აღმნიშვნელად წარმოშობის ადგილთან ყოველგვარი კავშირის გარეშე).
აკრძალულია რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი კომერციული გამოყენება შემდეგ შემთხვევებში:
- როდესაც ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონელი და ის საქონელი, რომელზედაც რეგისტრაცია არ ვრცელდება, ერთნაირი ტიპის საქონელია;
- რეგისტრირებული ან დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეპუტაციით სარგებლობის შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ შესაბამისი საქონელი ინგრედიენტის სახით გამოიყენება;
- ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ნებისმიერი მცდარი გამოყენება, იმიტაცია, ან მიბაძვა, მაშინაც კი, თუ შესაბამისი საქონლის წარმოშობის ადგილი მითითებულია ან დაცული ადგილწარმოშობის დასახელება წარმოდგენილია თარგმანით, ტრანსლიტერაციით, ტრანსკრიფციით ან შემდეგ სიტყვებთან ერთად: „სტილი“, „ტიპი“, „მეთოდი“, „წარმოებული, როგორც“, „იმიტაცია“, „არომატი“ და სხვა, აგრეთვე მაშინ, თუ აღნიშნული საქონელი ინგრედიენტის სახით გამოიყენება;
- როდესაც ნებისმიერი სხვა მცდარი ან ისეთი აღნიშვნა, რომელიც მომხმარებელს საქონლის წარმომავლობის, წარმოშობის ადგილის, დასახელების, ან განსაკუთრებული ხარისხის შესახებ მცდარ წარმოდგენას უქმნის, მოცემულია სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული/ბაზარზე განთავსებული საქონლის შიდა ან გარე შეფუთვაზე, სარეკლამო მასალაზე ან საქონელთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში, აგრეთვე, საქონლის იმგვარი შეფუთვის (ტარაში მოთავსების) შემთხვევაში, რომელმაც შეიძლება მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეუქმნას;
- ნებისმიერი სხვა ქმედების განხორციელების შემთხვევაში, რომელმაც შეიძლება საქონლის წარმოშობის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს.
ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენა ხდება საქპატენტში უშუალოდ განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ, ქართულ ენაზე. განაცხადი უნდა შეიცავდეს:
- ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნას;
- განმცხადებლისა და კომპეტენტური უწყების ან მაკონტროლებელი ორგანოს (არსებობის შემთხვევაში) სახელსა და გვარს/სახელწოდებებს, საიდენტიფიკაციო ნომრებსა და იურიდიულ მისამართებს;
- იმ ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას, რომლის რეგისტრაციაც მოითხოვება. თუ ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა ქართულ ენაზე არ არის შესრულებული, წარდგენილ უნდა იქნეს მისი ქართულად ტრანსლიტერირებული ფორმაც;
- იმ საქონლის კატეგორიას, რომლისთვისაც მოითხოვება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია;
- განმცხადებლის მიერ გაცემულ წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს, თუ განაცხადს წარადგენს წარმომადგენელი;
- უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;
- საქონლის სპეციფიკაციას;
- დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ საქონლის განსაკუთრებული ხარისხი, რეპუტაცია ან თვისებები შესაბამისი გეოგრაფიული არეალის ბუნებრივი ფაქტორით ან/და ადამიანური ფაქტორით არის განპირობებული;
- კონტროლის გეგმას, რომლითაც ხორციელდება საქონლის სპეციფიკაციით გათვალისწინებული საქონლის წარმოების პირობების კონტროლი;
- დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს უცხო ქვეყნის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის წარმოშობის ქვეყანაში დაცვას, თუ განმცხადებელი უცხოელია;
- დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის საფასურის გადახდას.
- განაცხადს უნდა ახლდეს ერთიანი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს:
- - საქონლის სპეციფიკაციის ძირითად მონაცემებს: საქონლის დასახელებასა და აღწერას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, საქონლის შეფუთვისა და ეტიკეტირების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წესებს და შესაბამისი გეოგრაფიული არეალის ზუსტ აღწერას;
- - საქონლის ხარისხს ან მახასიათებლებს და გეოგრაფიულ გარემოსა და ადამიანურ ფაქტორს შორის არსებული კავშირის აღწერას საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, აღნიშნული კავშირის დამადასტურებელ საქონლის აღწერის ან მისი წარმოების მეთოდის სპეციფიკურ ელემენტებს.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც საქპატენტში უშუალო წარდგენით, ისე ელექტრონულად (მის.: http://www.sakpatenti.gov.ge/.)
- საქპატენტი განაცხადის წარდგენიდან 2 თვის ვადაში ამოწმებს განაცხადის შესაბამისობას კანონთან;
- თუ განაცხადი შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, საქპატენტი 3 თვის ვადაში ამოწმებს ხომ არ არსებობს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები;
- თუ საქპატენტი მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის საფუძვლები, იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის ექსპერტიზის გაგრძელების შესახებ ან წინააღმდეგ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ;
- განაცხადის ექსპერტიზის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განაცხადზე საქმისწარმოება გაგრძელდება ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის განმხილველი ეროვნული კომისიის დებულებით დადგენილი წესით;
- კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის, რეგისტრაციაზე უარის თქმის, რეგისტრაციის გაუქმების ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 1 თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში;
- საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის ან სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას საქპატენტი აქვეყნებს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში, საქპატენტის ვებგვერდზე და 1 ადგილობრივ გაზეთში (არსებობის შემთხვევაში).
- რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა დაცულია ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის დღიდან;
- საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის მოქმედების ვადა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით, ხოლო ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის მოქმედება წყდება საქონლის წარმოშობის ქვეყანაში ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში;
- აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა დაცულია მისი გამოქვეყნების დღიდან. თუ აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა, რომელიც საქპატენტის მიერ რეგისტრირებული იყო, როგორც ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, მისი დაცვის თარიღი აითვლება აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის დღიდან;
- რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება, ან გეოგრაფიული აღნიშვნა, ან აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა დაცულია უვადოდ.
უცხო ქვეყნის გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების დაცვა საქართველოში ხდება შემდეგი სამართლებრივი გზებით:
- პირდაპირი რეგისტრაციით;
- ორმხრივი შეთანხმებებით;
- ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმებით;
- ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტით.
ინფორმაცია საქართველოში დაცული უცხოური გეოგრაფიული აღნიშვნებისა და საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/112/.
ინფორმაცია „ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმებით“ საქართველოში დაცული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://www.wipo.int/ipdl/en/search/lisbon/search-struct.jsp.
ქართული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვას საზღვარგარეთ წინ უნდა უძღოდეს რეგისტრაცია ან აღიარება საქართველოში, ამასთან შესაძლებელია:
- შეტანილ იქნეს განაცხადი საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უშუალოდ სათანადო ქვეყნის შესაბამის უწყებაში;
- „ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების“ საფუძველზე, წარედგინოს განაცხადი საერთაშორისო ბიუროს და მოთხოვნილ იქნეს ქართული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების დაცვა შეთანხმების წევრ ქვეყნებში;
- „ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტის“ საფუძველზე, განაცხადი უნდა წარედგინოს საერთაშორისო ბიუროში და მოთხოვნილ იქნეს ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების და საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა აქტის წევრ ქვეყნებში;
- მისი დაცვა განხორციელდეს ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გაფორმებულია იმ ქვეყანასთან, სადაც მოითხოვება დაცვა.
საზღვარგარეთ დაცული ქართული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/113/.
გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო დონეზე დაცვის მარეგულირებელი დებულებები შესულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ ადმინისტრირებულ შემდეგ 4 მრავალმხრივ შეთანხმებაში: „პარიზის კონვენცია სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ“ (პარიზის კონვენცია), „მადრიდის შეთანხმება ყალბი ან შეცდომაში შემყვანი წარმოშობის აღნიშვნების აღკვეთის შესახებ“ (მადრიდის შეთანხმება), ლისაბონის შეთანხმება ადგილწარმოშობის დასახელებათა დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ“ (ლისაბონის შეთანხმება) და „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი“ (ჟენევის აქტი).
გარდა ამისა, „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმება“ (TRIPS შეთანხმება) ეხება გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო დაცვას, რომელიც ადმინისტრირებულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) მიერ. საქართველო ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ხელშეკრულების მონაწილეა, გარდა მადრიდის შეთანხმებისა.
გარდა ამისა, ზოგ ქვეყანაში, რომლის კანონმდებლობაც არ მიიჩნევს გეოგრაფიულ აღნიშვნებს სამართლებრივი დაცვის ობიექტად (მაგ., აშშ), მათი დაცვა შესაძლებელია სასერტიფიკაციო ნიშნების სახით. მაგალითად, ქართული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებები „ქინძმარაული და „ხვანჭკარა“ დაცულია აშშ-ში, როგორც სასერტიფიკაციო ნიშნები.
საქართველოში საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირებისთვის გამოიყენება შემდეგი ნორმატიული აქტები:
- საქართველოს კანონი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“
- საქართველოს კანონი „ვაზისა და ღვინის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“;
- საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის №2-41 ბრძანება „სურსათის (ღვინისა და ღვინის ბრენდის, ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის გარდა) ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის და სურსათის (ღვინისა და ღვინის ბრენდის, ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის გარდა) რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენისა და შესაბამისი დასკვნის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.
* მოცემული ინფორმაცია ატარებს ზოგად ხასიათს. დეტალური კონსულტაციის მისაღებად, გთხოვთ დარეკოთ საქპატენტის ცხელ ხაზზე (ტელ.: +99532 2252533) ან დაუკავშირდეთ საქართველოს პატენტრწმუნებულს (სია იხ. ბმულზე: http://www.sakpatenti.gov.ge/patent_attorneys/.