რეკომენდაციები განაცხადის შედგენის შესახებ
გამოგონების მაგალითები
- მოწყობილობა (მანქანა-მექანიზმები, დანადგარები, ხელსაწყოები, იარაღები, ელექტროსქემები და ა.შ.);
- ხერხი (ტექნოლოგიური პროცესები, ილეთები, ოპერაციები და ა.შ.);
- ნივთიერება (ნარევები, ხსნარები, შენადნობები, ქიმიური ნაერთები და ა.შ.);
- მიკროორგანიზმის შტამები;
- ადრე ცნობილი მოწყობილობის, ხერხის, ნივთიერების, შტამის ახალი დანიშნულებით გამოყენება.
სასარგებლო მოდელის მაგალითები
- მოწყობილობა (მანქანა-მექანიზმები, დანადგარები, ხელსაწყოები, იარაღები, ელექტროსქემები და ა.შ.);
- ხერხი (ტექნოლოგიური პროცესები, ილეთები, ოპერაციები და ა.შ.);
- ადრე ცნობილი მოწყობილობის, ხერხის ახალი დანიშნულებით გამოყენება.
განაცხადის წარდგენის ფორმა
საგანაცხადო მასალა საქპატენტში შეტანილი უნდა იქნეს ქაღალდზე (იხ. განცხადების ბლანკი) ან ელექტრონულად, საქპატენტის ელექტრონული განაცხადების სისტემის გამოყენებით. საგანაცხადო მასალების ქაღალდზე შეტანის შემთხვევაში მას თან უნდა დაერთოს საგანაცხადო მასალები ელექტრონული სახით, მონაცემთა ელექტრონული მატარებლის გამოყენებით (მაგ., CD-ROM დისკი). ელექტრონული სახით წარმოდგენილი საგანაცხადო მასალები შედგენილი უნდა იყოს .doc ფორმატში, Sylfaen ფონტით, ფონტის ზომით 12.
განაცხადი უნდა შეიცავდეს:
- განცხადებას პატენტის მიღების თაობაზე;
- გამოგონების ან სასარგებლო მოდელის აღწერილობას;
- გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ფორმულას;
- ნახაზებს და სხვა მასალებს, თუ ისინი არსის ასახსნელად არის აუცილებელი;
- რეფერატს.
გამოგონების ან სასარგებლო მოდელის აღწერილობა
გამოგონების ან სასარგებლო მოდელის აღწერილობა უნდა იყოს წარმოდგენილი შემდეგი თანმიმდევრობით:
- დასახელება. დასახელება უნდა შეესაბამებოდეს გამოგონების ან სასარგებლო მოდელის არსს და სასურველია შედგებოდეს მაქსიმუმ ათი სიტყვისგან;
- ტექნიკის დარგი და გამოყენების ის კონკრეტული სფერო, რომელსაც მიეკუთვნება გამოგონება ან სასარგებლო მოდელი;
- ტექნიკის დონე იმ მოცულობით, რაც ცნობილია განმცხადებლისათვის;
- გამოგონების ან სასარგებლო მოდელის არსი;
- ფიგურების (ნახაზების) ნუსხა (თუ ისინი თან ერთვის განაცხადს);
- გამოგონების ან სასარგებლო მოდელის განხორციელების დაწვრილებითი აღწერა.
გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ფორმულა
ფორმულა განსაზღვრავს გამოგონების ან სასარგებლო მოდელის დაცვის ობიექტს და დაცვის ფარგლებს. ფორმულა არის იმ ნიშანთა ერთობლიობა, რომელიც ახასიათებს გამოგონებას ან სასარგებლო მოდელს აღწერილობაში მითითებული ტექნიკური შედეგის მისაღწევად. ფორმულა შეიძლება იყოს ერთ- ან მრავალმუხლიანი. მრავალმუხლიანი ფორმულა უნდა შეიცავდეს სულ მცირე ერთ დამოუკიდებელ მუხლს. თითოეული მუხლი გადმოცემული უნდა იყოს ცხადად და უნდა შედგებოდეს ერთი წინადადებისგან. თითოეულ დამოუკიდებელ მუხლს შესაძლებელია ჰქონდეს მასზე დამოკიდებული მუხლ(ებ)ი. გამოგონებისაგან განსხვავებით, სასარგებლო მოდელის ფორმულა შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ერთ დამოუკიდებელ მუხლს.
ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი უნდა შედგებოდეს:
ა) ცნობილი ნაწილისგან, რომელშიც მოყვანილია ის ნიშნები, რომლებიც ცნობილია გამოგონებასთან დაკავშირებული ტექნიკის დონით;
ბ) განმასხვავებელი ნაწილისაგან, რომელშიც მოყვანილია ის ნიშნები, რომლებიც განასხვავებენ მას ტექნიკის დონისაგან.
ცნობილ ნაწილში მოყვანილი ნიშნები განმასხვავებელ ნაწილში მოყვანილ ნიშნებთან ერთობლიობაში განსაზღვრავენ გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ობიექტს.
რეფერატი
რეფერატი არის გამოგონების ან სასარგებლო მოდელის მოკლე აღწერა. რეფერატი აღწერილობის მოკლე შინაარსია და გადმოსცემს გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ტექნიკურ არსს. რეფერატის ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 200 სიტყვას.
იხილეთ განაცხადების ნიმუშები საერთაშორისო საპატენტო კლასიფიკაციის მიხედვით:
განყოფილება A - ადამიანის პირველადი მოთხოვნილების საგნები
- ანტიმიკრობული კომპოზიცია და მისი გამოყენება
- კორონავირუსული დაავადების 2019 (COVID-19) საპროფილატიკო საშუალება
- ერექციული დისფუნქციის სამკურნალო კომპოზიცია
- თაფლის საფუძველზე დამზადებული სამკურნალო საშუალებები, მათი გამოყენება და მიღების ხერხი
- მეტასტაზირების ახალი ინჰიბიტორების შექმნა ონკოდაავადებათა ქიმიოთერაპიისათვის
- რძემჟავა სასმელის წარმოების ხერხი
განყოფილება B - ტექნოლოგიური პროცესები; ტრანსპორტირება
- ცვალებადი გეომეტრიის საჰაერო ხრახნი
- ლითონური ფხვნილის მიღების ხერხი და დანადგარი მის განსახორციელებლად
განყოფილება С – ქიმია; მეტალურგია
განყოფილება D - საფეიქრო ნაწარმი; ქაღალდი
განყოფილება E - სტაციონარული ნაგებობები
განყოფილება F - მანქანათმშენებლობა; განათება; გათბობა; იარაღი; აფეთქებითი სამუშაოები
- სრული მოცულობითი გაფართოების, ხუთტაქტიანი როტორული შიგაწვის ძრავა
- ჰიდროენერგეტიკული დანადგარი
- სრული მოცულობითი გაფართოების, ხუთტაქტიანი როტორული შიგაწვის ძრავა
განყოფილება G - ფიზიკა
განყოფილება H - ელექტრობა

