კითხვა-პასუხი
სააპელაციო პალატა შექმნილია საქართველოს საპატენტო კანონის საფუძველზე. მისი საქმიანობა რეგულირდება საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულებით. სააპელაციო პალატის ფუნქციას წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე საქპატენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, ასევე მათი დაცვის კრიტერიუმებთან პატენტის გაცემასთან და სამრეწველო საკუთრების სხვა ობიექტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დავების განხილვა.
სააპელაციო პალატის თავმჯდომარეა საქპატენტის თავმჯდომარე. სააპელაციო საჩივრების განხილვის მიზნით, სააპელაციო პალატის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება სააპელაციო საჩივრის განმხილველი კოლეგიები სააპელაციო პალატის 3 წევრის შემადგენლობით. სააპელაციო პალატის თავმჯდომარე კოლეგიის წევრთაგან ნიშნავს კოლეგიის თავმჯდომარეს. სააპელაციო პალატის მდივნებს ბრძანებით ნიშნავს სააპელაციო პალატის თავმჯდომარე.
სააპელაციო პალატაში შეიძლება გასაჩივრდეს ინტელექტუალური საკუთრების შესაბამის ობიექტებთან (სასაქონლო ნიშანი, დიზაინი, გამოგონება და სხვ.) დაკავშირებით, საქპატენტის ექსპერტიზის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილებების გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები განსაზღვრულია ინტელექტუალური საკუთრების შესაბამის ობიექტთან დაკავშირებულ მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში.
სააპელაციო პალატაში სააპელაციო საჩივრის წარდგენა ხდება მატერიალური ფორმით ან ელექტრონული სისტემის მეშვეობით. სააპელაციო საჩივარი წარდგენილ უნდა იქნას წერილობით, სააპელაციო პალატის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული სააპელაციო საჩივრის ფორმით (იხ. ლინკი). სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს სააპელაციო პალატის სრულ დასახელებას, საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობას და მისამართს, გასაჩივრებული აქტის დასახელებას, ნომერს და თარიღს, მითითებას იმის შესახებ თუ აქტის რა ნაწილია გასაჩივრებული და რაში მდგომარეობს აქტის უსწორობა, საჩივრის ავტორის მოთხოვნას.
კოლეგია იხილავს სააპელაციო საჩივარს და გამოაქვს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის შეტანის დღიდან 3 თვის ვადაში.
სააპელაციო პალატაში საჩივრის წარდგენისას გადაიხდება შესაბამისი საფასური, იმის მიხედვით, თუ ინტელექტუალური საკუთრების რომელ ობიექტს (სასაქონლო ნიშანი, დიზაინი, გამოგონება და სხვ.) ეხება სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის დადგენილი საფასურები განისაზღვრება „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის N182 დადგენილებით.
სააპელაციო პალატაში საჩივრის განხილვისათვის დადგენილ საფასურებზე გათვალისწინებულია შეღავათები, კერძოდ გამომგონებლებზე, დიზაინერებზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებზე 70%, ხოლო სტუდენტ, სკოლის მოსწავლე და პენსიონერ განმცხადებლებზე 90%-იანი შეღავათი.
კოლეგია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. კოლეგიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობას, ჩამოაყალიბებს განსხვავებულ აზრს, რომელიც დაერთვება გადაწყვეტილებას.
სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება დასაშვებია სასამართლოში, გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობიდან 1 თვის ვადაში.
ბოლო სიახლეები

