ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაცია - სამუშაო შეხვედრა საქპატენტში
12 იანვარი 2016 წ.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მოწვევით, 12 იანვარს (2016წ.) საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია ესტონეთის ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიური გადაცემის ცენტრის დირექტორი მარიუს კუნინგასი, რომელიც მონაწილეობას იღებს სამუშაო შეხვედრაში თემაზე “ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაცია და ტექნოლოგიების გადაცემა“.
საქპატენტის ოფისში, ესტონელი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარე შეხვედრაზე განიხილება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მექანიზმები, ტექნოლოგიების გადაცემის სისტემა და ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაცია უნივერსიტეტებში. ესტონეთის ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის დირექტორი მარიუს კუნინგასი წარადგენს ესტონეთის წარმატებულ პროექტს „ინოვაციური ვაუჩერების სისტემა“. მოხსენებით წარსდგებიან შოთა რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელები. შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრება უმაღლესი სასწავლებლების და ასევე სხვა სახელმწიფო უწყებების და კერძო კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე .
ვიზიტის ფარგლებში, მომავალი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვის მიზნით ესტონეთის დელეგაცია გამართავს ორმხრივ შეხვედრებს შოთა რუსთაველის სამეცნოერო ფონდსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან.

