საქპატენტმა მონაწილეობა მიიღო 2026 წლის PATLIB-ის კონფერენციაში PATLIB Next Level − ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების კომერციალიზაციის ახალი შესაძლებლობები
22 სექტემბერი 2026 წ.


პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ევროპის საპატენტო უწყებისა (EPO) და პოლონეთის რესპუბლიკის საპატენტო უწყების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა საპატენტო ინფორმაციის ცენტრების ქსელის (PATLIB) 2026 წლის კონფერენცია PATLIB Next Level.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა მერი მაჭარაშვილმა.
კონფერენციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, PATLIB-ის ქსელის განვითარება და იმ მექანიზმების განხილვა, რომლებიც ხელს უწყობს ინოვაციების გარდაქმნას ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ ღირებულებად.
ღონისძიების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პატენტების შეფასების, ტექნოლოგიების ანალიზისა და ინტელექტუალური საკუთრების კომერციული პოტენციალის განსაზღვრის თანამედროვე ინსტრუმენტებს. მონაწილეები გაეცნენ ისეთ ინოვაციურ გადაწყვეტილებებსა და პროექტებს, როგორიცაა Deep Tech Finder, Data Desk და ახალი IPScore პროექტი, რომლებიც ხელს უწყობს ტექნოლოგიების, პატენტებისა და ინტელექტუალური საკუთრების აქტივების უფრო ეფექტიან შეფასებასა და ანალიზს.
კონფერენციის ერთ-ერთი მიმართულება იყო ინტელექტუალური საკუთრების როლი სტარტაპებისთვის დაფინანსების მოზიდვასა და ბიზნესის ღირებულების ზრდაში. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ინოვაციური და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, რომელთა კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი ეფუძნება ინტელექტუალურ საკუთრებასა და ტექნოლოგიურ უპირატესობას.
PATLIB Next Level-ის ფარგლებში განხილული იყო ტექნოლოგიების ტრანსფერისა და ინოვაციების კომერციალიზაციისთვის აუცილებელი თანამედროვე უნარები და მექანიზმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიურ და კვლევით გარემოში შექმნილი ცოდნისა და ტექნოლოგიების ბაზარზე გადატანის წარმატებულ პრაქტიკებს.
ღონისძიებაზე ასევე გაიმართა CodeFest 2026-ის დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამოვლინდნენ პატენტების ავტომატიზებული შეფასების ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების კონკურსის გამარჯვებულები. წარმოდგენილმა პროექტებმა წარმოაჩინა პატენტების შეფასებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლებისა და პატენტებთან დაკავშირებული მონაცემების გამოყენების შესაძლებლობები.