ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის უფლებების აღსრულების საკონსულტაციო კომიტეტის 12-ე კომიტეტის სხდომა
06 სექტემბერი 2017 წ.
4-6 სექტემბერს, შვეიცარიაში ქ. ჟენევაში, საქპატენტმა მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის უფლებების აღსრულების საკონსულტაციო კომიტეტის 12-ე კომიტეტის სხდომაში.
სხდომაზე იმსჯელეს ინტელექტუალური საკუთრების აღსრულების პოლიტიკასა და რეჟიმებთან დაკავშირებულ ინსტიტუციურ ღონისძიებებზე, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში დავების დაბალანსებული, ერთიანი და ეფექტური გადაწყვეტის მექანიზმებზე, ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე ინტელექტუალური საკუთრების აღსრულების კოორდინაციაზე. ყურადღება გამახვილდა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებსა და წევრი ქვეყნების მიერ განხორციელებულ კამპანიებზე, როგორც ინტელექტუალური საკუთრების მიმართ პატივისცემის ჩამოყალიბების ეფექტურ ინსტრუმენტზე.
კომიტეტზე საქპატენტის წარმომადგენლებმა გააკეთეს მოხსენება თემაზე - „პატივისცემის ჩამოყალიბება ინტელექტუალური საკუთრების მიმართ და ცნობიერების ამაღლება სკოლის მოსწავლეთა შორის: საგანმანათლებლო პრიორიტეტი საქართველოში“. პრეზენტაცია ეხებოდა დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის შემუშავებულ დამატებით საკითხავ ლიტერატურას და სპეციალურ გაკვეთილებს ინტელექტუალური საკუთრების სხვა და სხვა ობიექტებზე.
სხდომის პარალელურად, ისმო-ში გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო წევრი ქვეყნების მიერ განხორციელებული პროექტები ახალგარდებში ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. საქპატენტმა გამოფენაზე წარადგინა საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში შექმნილი დამატები საკითხავი ლიტერატურა: „კომპასი“; „ქოლგა“; „სარეცხი მანქანა“; „ვარსკვლავ სანთლები“ და „დორემიუს-სოლასი“.


