მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი 2017
24 სექტემბერი 2017 წ.
24 სექტემბრიდან - 8 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართება „მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი 2017“, სადაც წარმოდგენილი იქნება ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალი - ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევები.
ფესტივალი გაიხსნა დღეს, 24 სექტემბერს, თბილისში. ღონისძიება ჩატარდება, ასევე, რეგიონებში: თელავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ახალციხესა და სენაკში. სკოლის მოსწავლეებისათვის თბილისსა და აღნიშნულ რეგიონებში გაიმართება სამეცნიერო პიკნიკი, სადაც ჩატარდება სახალისო გაკვეთილები ინტელექტუალური საკუთრების შესახებ . გამოგონებებისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით, გაიმართება სხვადასხვა თამაშები და საინტერესო აქტივობები. შემეცნებით - გასართობი საშუალებებით მოზარდები მიიღებენ ინფორმაციას გამოგონებებისა და ინოვაციური პროდუქტის შექმნის მნიშვნელობის შესახებ ქვეყნის წინსვლისა და განვითარების საქმეში.
ფესტივალზე საქპატენტი მოაწყობს ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველ საპრეზენტაციო სივრცეს, სადაც წარმოდგენილი იქნება საქპატენტის პუბლიკაციები, წიგნები და ბროშურები, დარიგდება ზღაპრები ინტელექტუალური საკუთრების თემაზე. ასევე, დამთვალიერებელი იხილავს საქპატენტის სათაო ოფისის შენობის მინი კონსტრუქციას, ხოლო დაინტერესებულ სტუმრებს საქპატენტის წარმომადგენლები გაუწევენ კვალიფიციურ კონსულტაციას.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალში საქპატენტთან ერთად მონაწილეობენ საქართველოს და უცხოეთის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევით ცენტრები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, საქართველოსა და მსოფლიოს წამყვანი მუზეუმები, გამომცემლობები, ბიბლიოთეკები, აგრეთვე, მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროს ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები.
მეცნიერებისა და სტუდენტების საერთაშორისო დღეები, მასშტაბური ინოვაციების საერთაშორისო კვირეულით, პირველად 2015 წელს ჩატარდა. 2016 წლიდან საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან ტრადიციას, რომელიც 2017 წელსაც გრძელდება. წელს ჩვენი ქვეყანა კვლავ მასპინძლობს მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს და უერთდება მსოფლიოს იმ წამყვან ქვეყნებს, რომლებიც ანალოგიური ფესტივალების გამართვით ხელს უწყობენ მკვლევართა მიღწევების ფართო საზოგადაობისთვის გაცნობას და სამეცნიერო განათლებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას.

