საქპატენტი Start-In-Georgia- ს მონაწილეა
17 ნოემბერი 2017 წ.
დღეს, 18 ნოემბერს, 10:00 -18:00 საათამდე, ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, სხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობას იღებს ქართული სტარტაპების ასოციაციისა და Start Business Solutions- ის ორგანიზებით გამართულ გამოფენაში Start-In-Georgia - „ყველაფერი ჩემი სტარტაპისთვის“.
სტარტაპებისთვის მოწყობილი ყველაზე მასშტაბური გამოფენა, სადაც 30-მდე კომპანიაა წარმოდგენილი, დამწყებ მეწარმეებს ხელს შეუწყობს სასურველი კავშირებების დამყარებაში. გამოფენაზე სტარტაპები გაეცნობიან ბიზნეს აქსელერატორების, ინკუბატორების, საკონსულტაციო და სხვა მიზნობრივი კომპანიების საქმიანობას. მიღებული ინფორმაცია დაეხმარება მათ ბიზნესის სწორად წარმართვაში, ინვესტიციების მოზიდვასა თუ პროდუქციის სრულყოფასა და განვითარებაში.
გამოფენაზე მოეწყობა საქპატენტის საკონსულტაციო სივრცე, სადაც საქპატენტის ექსპერტები დაინტერესებულ სტუმრებს მიაწვდიან ინფორმაციას ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, დარგობრივი სპეციალისტები ისაუბრებენ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობასა და როლზე ბიზნესის განვითარების მიმართულებით. თვალსაჩინოების მიზნით სტუმრებს დაურიგდებათ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების საინფორმაციო ბუკლეტები, ხოლო საქპატენტის იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან კილაძე მონაწილეებისთვის ჩაატარებს პრეზენტაციას თემაზე - ,,ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობა ბიზნესის წარმატებისთვის“.

