2017 წლის 14 ნოემბერს, მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში, „საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის მხარეებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა.
მოლაპარაკებებში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ: დელეგაციის ხელმძღვანელი - საქპატენტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ გოგილიძე, ასევე, საქართველოს სოფლის მეურნეობის, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები. შეხვედრას, მოლდოვას მხრიდან, ესწრებოდნენ მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო სააგენტოს ინტელექტუალური საკუთრების გენერალური დირექტორი ლილია ბოლოკანი და აღნიშნული სააგენტოს სხვა წარმომადგენლები, ასევე, მოლდოვას რესპუბლიკის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს მხარეების მიერ ნაცვალგების წესით გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების აღიარებას და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად დაცვის უზრუნველყოფას. შეთანხმება, ასევე, მიმართულია გეოგრაფიულ აღნიშვნებსა და ადგილწარმოშობის დასახელებებზე უფლებების დაცვისა და გამოყენების საკითხების დარეგულირებაზე.
მოლაპარაკებებისას მხარეებმა გაცვალეს უახლესი ინფორმაცია და მოსაზრებები საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკაში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით და განსაზღვრეს მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე განსახილველი საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარემ, ასევე, მონაწილეობა მიიღო მოლდოვას რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო უწყებისა (AGEPI) და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO)-ს ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაცია და ცხოვრების ხარისხი“, სადაც ნიკოლოზ გოგილიძე მოხსენებით გამოვიდა თემაზე: „გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემა და დაცვა, ქართული გამოცდილება“.