საქპატენტი ორდღიან სემინარს მასპინძლობს
12 დეკემბერი 2017 წ.
დღეს, 12 დეკემბერს (2017წ.), ინტელექტუალური საკუთრების აღსრულების თემაზე სამუშაო შეხვედრა დაიწყო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -საქპატენტის ოფისში. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (ისმო) და საქპატენტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ესწრებიან საბაჟო და საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები, ასევე მოსამართლეები. შეხვედრას უძღვებიან დარგის ექსპერტები ინგლისიდან, ესტონეთიდან, მოლდოვადან, საქართველოდან, ასევე ისმო-სა და საქპატენტის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილება, საქართველოში სასაქონლო ნიშნების კონტრაფაქციისა და საავტორო უფლებების მეკობრეობის გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორცილებასთან დაკავშირებული პრაქტიკული ასპექტები და არსებული გამოწვევები - მათ შორის ინტერნეტ სივრცეში, მოქმედი სამართლებრივი სისტემა საერთაშორისო შეთანხმებების ჭრილში, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებისადმი დაბალანსებული მიდგომისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ სხვა მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები.
აღნიშნული შეხვედრისთვის საქპატენტის მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ისმო-ს სახელმძღვანელო სამართალდამცავი უწყებებისა და პროკურორებისათვის - ,,ინტელექტუალური საკუთრების სფეროში დანაშაულის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა“, რაც დახმარებას გაუწევს პროკურორებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში დანაშაულთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას. სახელმძღვანელოში განსაზღვრულია სასაქონლო ნიშნის კონტრაფაქციაზე და საავტორო უფლებების სფეროში მეკობრეობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის არსებითი ელემენტები და გაანალიზებულია სამართლებრივი დევნის წარმატებით წარმართვის პირობები.
ინტელექტუალური საკუთრების აღსრულების თემაზე სამუშაო შეხვედრა ორ დღეს გასტანს.

