ჰაკათონი- მე პატივს ვცემ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს!
15 დეკემბერი 2017 წ.
დღეს, 15 დეკემბერს (2017წ.) 21:00 საათზე, საქპატენტში, სტარტს იღებს ჰაკათონი. 48 საათიანი მარათონის განმავლობაში მონაწილეებმა რეალობად უნდა აქციონ იდეა, რომელიც შეესაბამება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თემატიკას. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ 2017 წლის თემად გამოცხადდა „ინოვაცია - ცხოვრების გაუმჯობესებისთვის“ და წევრი ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს მიეცათ რეკომენდაცია მითითებულ თემაზე კონკურსის ჩატარების შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციის ფარგლებში, საქპატენტმა ორგანიზება გაუწია ჰაკათონის ფორმატის კონკურსის ჩატარებას, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ინტელექტუალური საკუთრების პატივისცემის მნიშვნელობის გააზრებასა და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებას.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქპატენტმა მოიწვია 18-დან 25 წლამდე 3 წევრისაგან შემდგარი გუნდები, რომელთაც ევალებათ აპლიკაციის დაწერა, პროგრამული უზრუნველყოფის (software) მოფიქრება, დიზაინის ან ნებისმიერი პროდუქტის შექმნა, რომელიც წაახალისებს, მიანიშნებს, უბიძგებს ადამიანს ინტელექტუალური საკუთრების პატივისცემისკენ. ღონისძიების მონაწილეებს ჰაკათონის მიმდინარეობისას ჩაუტარდებათ ლექციები ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით, ასევე, პრეზენტაციის ხელოვნების შესახებ და თემაზე გზა -ინოვატორობიდან ბიზნესმენობამდე. გამარჯვებული გუნდებისათვის გამოყოფილი საპრიზო ფონდი შემდეგია: მესამე ადგილი − ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზიის 500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი, მეორე ადგილი − 1000 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი და პირველი ადგილი − 1500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი. პირველ ადგილზე გასული გუნდი, ასევე, მიიღებს WIPO-ს გამარჯვების დამადასტურებელ თასს და ამ გუნდის შესახებ შეიტყობს WIPO-ს წევრი ყველა ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყება. ჰაკათონში მონაწილე ყველა ინოვატორს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. კომპეტენტური ჟიური გამარჯვებულს გამოავლენს 17 დეკემბერს, 17:00 საათზე.

