15 დეკემბერს ისმო-ს CEBS-ის ჯგუფის 2017 წლის საქმიანობის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რითიც დასრულდა საქართველოს მიერ ხსენებული რეგიონული ჯგუფის ერთწლიანი კოორდინატორობა (ჯგუფში გაწევრიანებულია რეგიონის 18 სახელმწიფო). კოორდინატორის ფუნქციებს ასრულებდა საქპატენტის სპეციალური წარმომადგენელი, საერთაშორისო ურთიერთობათა და პროექტების მართვის განყოფილების უფროსი, ანა გობეჩია. 2017 წლის განმავლობაში საქართველომ ჯგუფის კოორდინატორის ფუნქცია შეასრულა ისმო-ს 14 კომიტეტის სხდომაზე და წევრი ქვეყნების 57-ე გენერალურ ასამბლეაზე, გარდა ამისა შეიმუშავა, შეათანხმა, გაახმოვანა და დაიცვა ჯგუფის პოზიციები. რეგიონული კოორდინატორის სტატუსით, საქართველომ მონაწილეობა მიიღო ყველა კომიტეტის მოსამზადებელ შეხვედრაში და განახორციელა საკოორდინაციო საქმიანობა სხვადასხვა საკითხებზე პოზიციების შესათანხმებლად. აღნიშნული საქმიანობა მოიცავდა 60-მდე შეხვედრა CEBS-ის ჯგუფთან, 70-მდე შეხვედრას ისმო-ს სამდივნოსთან და კომიტეტების თავმჯდომარეებთან, 30-მდე არაფორმალურ საკონსულტაციო შეხვედრას, 25 შეხვედრას ისმო-ს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, 70-მდე შეხვედრას ისმო-ს განვითარებული ქვეყნების ჯგუფის, სხვა რეგიონული ჯგუფების და ევროკავშირის ქვეყნებთან. კოორდინაციის პერიოდში, საქართველომ, CEBS-ის სახელით გააკეთა 150-მდე განცხადება. რეგიონული ჯგუფის კოორდინატორის სტატუსით საქართველოს მიერ გაწეულმა საქმიანობამ მაღალი შეფასებები დაიმსახურა, როგორც დელეგაციებისგან, ასევე სამდივნოსა და ორგანიზაციის გენერალური დირექტორისგან, რამაც ისმო-ს ფარგლებში საქართველოს დელეგაციის მოღვაწეობა თვისობრივად ახალ საფეხურზე და სხვა ხარისხობრივ კატეგორიაში გადაიყვანა.