2018 წლის 11 იანვარს ძალაში შევიდა საქპატენტის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მომზადება დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების IV კარის მე-9 თავით (ინტელექტუალური საკუთრების უფლებები) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან და მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნულ შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანას.
ცვლილებები განხორციელდა ინტელექტუალური საკუთრების მარეგულირებელ შემდეგ საკანონმდებლო აქტებში: ,,საქართველოს საპატენტო კანონი“; საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“; საქართველოს კანონი „დიზაინის შესახებ“; საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“; „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“; საქართველოს კანონი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“; საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ძირითადად დაკავშირებულია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ხელყოფის პრევენციის, აღკვეთისა და ადეკვატური სანქციების გატარების იმ სამართლებრივი მექანიზმების სრულად განსაზღვრასთან, რომელიც არ არის გათვალისწინებული დღეს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით და რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო-სამართლებრივი კუთხით განსაკუთრებული უფლებების ეფექტურ აღსრულებას.