WIPO-ს და საქპატენტის ერთობლივი სემინარი
27 თებერვალი 2018 წ.
დღეს, 27 თებერვალს (2018წ.), ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი” ორგანიზებით, იმართება სემინარი „ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციისათვის მადრიდის სისტემის ეფექტური გამოყენება“. სემინარს ესწრებიან საქართველოს პატენტრწმუნებულები და კერძო კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც იყენებენ ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის მადრიდის სისტემას. შეხვედრას უძღვებიან ისმო-ს წარმომადგენელი მარკუს ჰოპერგერი და ისმო-ს მოწვეული მომხსენებელი, კომპანიის ,,ტროლერ ჰიტზ ტროლერ“-ის იურისტი ჰუბერტ დოლეაჩი.
სემინარზე ისაუბრებენ სასაქონლო ნიშნების დაცვის მნიშვნელობასა და კომპანიების ბრენდინგის სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე, მიმოიხილავენ ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის მადრიდის სისტემის ძირითად მახასიათებლებსა და სიახლეებს. საზღვარგარეთ სასაქონლო ნიშნების ძიების, განაცხადის წარდგენისა და მართვის პროცესში აღნიშნული სისტემის უკეთ გამოყენების მიზნით, სემინარის მონაწილეები ისმო-ს ექსპერტებისგან მიიღებენ რეკომენდაციებს მადრიდის სისტემის საქონლისა და მომსახურების მონაცემთა ბაზის მართვასა და ელექტრონული მომსახურების საკითხებში.
სემინარი ერთდღიანია და იმართება სასტუმრო „იოტა“-ს საკონფერენციო დარბაზში.
„ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმი“ წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის საზღვარგარეთის ქვეყნებში დაცვის გავრცელების საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობით განმცხადებელს ერთ ენაზე, ერთი განაცხადის წარდგენით, შეუძლია მოიცვას სასაქონლო ნიშნის დაცვის ფართო გეოგრაფიული არეალი - ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) წევრი 116 ქვეყანა.
საქართველო „ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმის“ წევრია 1998 წლიდან.
